
საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოსო რობაქიძემ ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ზურაბ მიქაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტელეფონი ესროლა, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ზურაბ მიქაძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
ის სოსო რობაქიძის დასჯას სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით მოითხოვს, რაც ბრალდებულზე ზეწოლას გულისხმობს: „მე ქუჩურ გარჩევებს ვერავისთან დავიწყებ, სამართლებრივად ვაპირებ ბრძოლას“, - აცხადებს დემურ მიქაძე.
ცოტა ხნის წინ „აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დემურ მიქაძე განცხადებას შეიტანს ასევე ადვოკატის წინააღმდეგ, რომელმაც, ტვ „მაესტროს“ ეთერში, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის განხილვის დროს განაცხადა, რომ „სოსო რობაქიძის გულისწყრომას იწვევს ის ფაქტი, რომ მისი შვილის მკვლელი არის ბრალდებული“.
მიქაძე მიიჩნევს, რომ ადვოკატმა მისი უფლებები და კანონი დაარღვია, როცა მას „მკვლელი“ უწოდა, სწორედ ამიტომ აპირებს, სამართლებრივად მისი დასჯაც მოითხოვოს: „ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მე მივმართავ განცხადებით პროკურატურას, რადგან სახეზეა ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი“, - აცხადებს „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში ზურაბ მიქაძე.