
„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასჯელაღსრულების საწესებულებაში ახალ პროვოკაციას ამზადებენ.
მისი განცხადებით, პატიმრების ცემა ტელეფონის ვიდეოკამერითაა გადაღებული და კადრების პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება იგეგმება.
„სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გვარად ფიფიამ, ციხის სხვა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, ორი პატიმარი სასტიკად სცემა, ცემის ფაქტი კი ტელეფონის ვიდეოკამერით გადააღებინა.
ჩემი ინფორმაციით, ამ ფირებს პოლიტიკური სპეკულირებისთვის ინახავენ. ეს ინფორმაცია იმიტომ მინდა გავხადო საჯარო, რომ ვიაზრებ - რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ეს კადრები მართლა გამოიტანეს გარეთ. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი პროტესტის ტალღა, რაც ძალიან ცუდი იქნება ამ ხელისუფლებისთვის.
ერთი დანაშაულია ის, რომ პატიმრები არიან ნაცემი და მკაცრად მოვითხოვთ იმის დასჯას, ვინც სცემა და მეორე საკითხია ის, რომ ეს გადაიღეს და უნდათ, რომ პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენონ.
ამიტომ ვასაჯაროებ ამ ამბავს და თუ ამის მერე ამ მსჯავრდადებულს, ვინც მე ეს ინფორმაცია მომაწოდა რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება, პირადად მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, - აცხადებს კობაიძე.
სასჯელაღსრუელბის სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
„კვირის ქრონიკა“