
დაზარალებულს ცივი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა პოლიციის თანამშრომელის სახლთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელს მისივე საცხოვრებელი სახლის წინ დაესხნენ თავს და ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შემთხვევას წინ უსწრებდა შელაპარაკება მოქალაქესთან, რომლის ვინაობასაც შსს-ში არ ასახელებენ.
პოლიციის ინფორმაციით, საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობით არის აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.