
ემზარ კვიციანის განაჩენის გამო გაკვირვებას გამოთქვამს ირაკლი ბათიაშვილი.
ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სასამართლომ "ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება" მიიღო, ხოლო ეკა ბესელია ამბობს, რომ საპარალემენტო კომისია განაჩენთან დაკავშირებით ვერ შეიქმნება.
პარტია „ჩვენი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ კვიციანი ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია, რომელმაც საკუთარი სიმართლე ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში დაამტკიცა.
„ამ გადაწყვეტილებაში არანაირი სამართლიანობა არ არის. ეს არის სამარცხვინო ფაქტი,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.
ბათიაშვილს მიაჩნია, რომ კვიციანი პოლიტიკური პატიმარია, ხოლო მოსამართლე კი მოსყიდული.
„აშკარაა, რომ მოსამართლე მოსყიდულია. მას მისცეს წინასწარ დაკვეთა. თუ არ გაუქმდება ეს გადაწყვეტილება, ეს იქნება სამარცხვინო ლაქა დღევანდელი ხელისუფლებისათვის,“ - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.
ბესელია ფიქრობს, რომ ემზარ კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დღესვე ემზარ კვიციანის ნათესავების განცხადებას უპასუხა.
ბესელია განმარტავს, რომ ემზარ კვიციანის საქმეზე პარლამენტი საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე კვლევა დავიწყოთ. ამას აკეთებს პროკურატურა, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"რუსთავი-2"-ის მიხედვით