
ეკა კვესიტაძის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ის ქართველი „კანონიერი ქურდები“ ჩამოთვალეს, რომლებიც 2013-14 წლებში რუსეთიდან და მოსკოვიდან გამოაძევეს საქართველოში, თუმცა თბილისში მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
კრიმინალური სამყაროს წევრობის გამო დაკავებული პირების გაძევებას სამშობლოში, მსგავსი პროცედურები აქვს უკრაინაშიც და რუსეთშიც:
პირს აკავებენ, თუ იგი აღიარებს ქურდული სამყაროს წევრობას (არაა აუცილებელი, ის „კანონიერი ქურდი“ იყოს), უყენებენ ბრალს, სასამართლო კი ღებულობს გადაწყვეტილებას მათი დეპორტაციის შესახებ სამშობლოში.
ამის შემდეგ სამართალდამცველებს დეპორტირებული პირი მიჰყავთ აეროპორტში, უკავშირდებიან შესაბამისი ქვეყნის, ჩვენს შემთხვევაში საქართველოს შსს-ს (საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უწყობრივად ექვემდებარება შსს-ს), აცნობებენ მათ პირის დაკავების შესახებ და აუწყებენ რეისის ნომერს, გამოფრენის დროს და სხვა დეტალებს.
კანონმდებლობის მიხედვით, თვითმფრინავის აფრენამდე სამართალდამცველები რჩებიან აეროპორტში, შემდეგ ისევ უკავშირდებიან სხვა ქვეყნის კოლეგებს, აცნობებენ თვითმფრინავის აფრენის შესახებ და უდასტურებენ, რომ დეპორტირებული პირი სწორედ ამ რეისით მოფრინავს - დანარჩენი უკვე იმ ქვეყნის სამართალდამცველების პრეროგატივაა, რომელშიც რეისი უნდა დასრულდეს.
ჩვენს შემთხვევაში ქართველ სამართალდამცველებს, უფრო კონკრეტულად კი, კრიმინალური პოლიციისგან აეროპორტში წარგზავნილ პირებს ევალებათ, დახვდნენ დეპორტირებულ პირს აეროპორტში და მას შემდეგ, რაც მის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა დაფიქსირდება, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს, დააპატიმრონ.
როგორც „განსხვავებული აქცენტებიდან“ ირკვევა, ასე არ მომხდარა არამარტო ბოლო პერიოდში გახმაურებული ცნობილი „კანონიერი ქურდის“, „რემენას“ შემთხვევაში, არამედ კიდევ რვა „კანონიერ ქურდთან“ მიმართებაში.
გადაცემაში დასახელდა ყველა ის „კანონიერი ქურდი“, რომლებიც 2013-2014 წლის განმავლობაში, ნაწილი მოსკოვიდან, ნაწილი კი კიევიდან საქართველოში გამოაძევეს, ყველა პროცედურის დაცვით. ამის მიუხედავად, ჩამოთვლილთაგან არცერთი „კანონიერი ქურდის“ საქართველოში შემოსვლა დაფიქსირებული არ არის.
რამაზ კუტაისსკი, გია გორგაძე, ჯეკო ტბილისსკი მამოიანი, პოლიკარპე ჯანელიძე (პოლი), გელა ქარდავა, გიორგი ჯანელიძე (გოგი პიტერსკი), გიზო ქარდავა, მამუკა ჭკადუა - ეს პირები სხვადასხვა დროს, მოქმედი ხელისუფლების დროს იყვნენ გამოძევებული საქართველოში.
მათგან გიზო ქარდავა ორჯერ იყო დეპორტირებული: პირველად 2013 წელს მამუკა ჭკადუასთან ერთად. ამის მიუხედავად, მათ მოსკოვში ყალბი საბუთებით დაბრუნება მაინც მოახერხეს, თუმცა, გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ რუსეთის დედაქალაქში მოსკოვი-თბილისის ავიარეისიდან ისე, რომ საქართველოში მათ მიერ საზღვრის გადმოკვეთა არ დაფიქსირებულა.