
როგორც პოეტი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა წერს, კიევური გაზეთი „ფაქტი“ აქვეყნებს სენსაციურ ინტერვიუს ვინმე ფაინა ივანოვნასთან (სახელი და მამის სახელი შეცვლილია), რომლის ოჯახი ოდესღაც ენაკიევოში იანუკოვიჩების მეზობლად ცხოვრობდა.
"მისი უფროსი და უკრაინის მომავალი პრეზიდენტის დედის მეგობარი ყოფილა და დიდი ხნის საიდუმლო, რომელსაც ახლა ამხელს, მისგან იცის. ახალგაზრდობაში სილამაზით გამორჩეულ იანუკოვიჩის დედას ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყოლია, მაგრამ მას რატომღაც არჩევანი ცოლშვილიან გიორგი ბერეგოვოიზე შეუჩერებია.
მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, გავლენიანი, ფულიანი, პოპულარული პიროვნება ომისშემდგომ მშიერ დონბასში მართლაც მიმზიდველი პიროვნება იქნებოდა და რა გასაკვირია, რომ მისით ღარიბი, ნახევრადმშიერი ოჯახის შვილიც მოხიბლულიყო. როცა ოლგა (ასე ერქვა იანუკოვიჩის დედას) მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, გახსენებია ფიოდორ იანუკოვიჩი, რომელიც დიდი ხანია ხელს სთხოვდა და ქორწინებაზე თანხმობა მიუცია.
როცა პატარა ვიტია დაიბადა, მოუტყუებია, დროზე ადრე დაიბადაო. ფიოდორი თურმე ბედნიერი იყო, რომ მემკვიდრე გაუჩნდა, სამშობიაროში შამპანურითა და ყვავილებით მისულა და ცოლი ახალშობილთან ერთად სულ სიმღერა-სიმღერით წამოუყვანია.
სიამტკბილობა დიდხანს არ გაგრძელებულა: ვიტკა ექვსი თვის ყოფილა, როცა ვიღაც „კეთილისმსურველს“ ფიოდორისთვის ჩუმად ჩაუწვეთებია მისი ნამდვილი მამის ვინაობა. რქოსან ქმარს ცოლი სასტიკად უცემია და ექვსი თვის ჩვილთან ერთად იგი სამუდამოდ მიუტოვებია. ოლგა წელიწადნახევარი საავადმყოფოდან არ გამოსულა - დალეწილ-დაჩეჩქვილი ქმრის ცემას გადაუყოლებია.
მას შემდეგ ვიქტორი ბებიას ხელში იზრდებოდა, ბებიებს კი ყოველთვის როდი შეუძლიათ ყმაწვილი ონავრების საკუთარ ჭკუაზე ტარება. ვიქტორიც ქუჩას აჰყვა და ჯერ კიდევ ჭაბუკმა ორჯერ ამოჰყო ციხეში თავი: ერთხელ ყაჩაღობისთვის, ერთხელ კიდევ გაუპატიურებისთვის.
ამბობენ, კანონიერი ცოლიც გაუპატიურების შემდეგ ძალით შერთესო. ასეთი ბიოგრაფიის კაცს, ალბათ, სულ სხვა გზით უნდ ევლო ცხოვრებაში, მაგრამ მას ნიადაგ იცავდა ფათერაკისგან მფარველი ანგელოსი და ერქვა მას სახელად... გიორგი ბერეგოვოი, მფრინავი-კოსმონავტი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი.
სწორედ მისი წყალობით მოუხსნეს ბანდიტსა და ხულიგანს ორგზის ნასამართლეობა, მისცეს პარტიაში შესვლის საშუალება, გზა გაუხსნეს სამსახურებრივი კარიერისკენ. თვითონ იანუკოვიჩი ყოველთვის მოწიწებით იხსენებდა ბერეგოვოის და მისი ხსოვნისთვის რეალურადაც ბევრი გააკეთა - გაახსნევინა სახლ-მუზეუმი, გადააღებინა ფილმი, გამოაცემინა წიგნები. დაუფასა ამაგი, ერთი სიტყვით.
თუკი აქამდე უკრაინელებს გული ეთანაღრებოდათ, ბელორუსი გვაჯდა თავზეო, ახლა უკვე აღარა აქვთ ეჭვის საბაბი, წურბელა თურმე საკუთარი სისხლ-ხორცი ყოფილა. რა თქმა უნდა, თუკი რაც მოვყევი, სიმართლეა. თუმცა მე რატომ, უკრაინული გაზეთი მოჰყვა და მე მხოლოდ გარდავთქვი. ადამიანებს აქვთ უფლება, ცნობილ ადამიანებზე ჭორებიც იცოდნენ", - წერს რაულ ჩილაჩავა.