დღეს გამართული სააპელაციო სასამართლოს სხდომის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა პროცესზე განცხადება გააკეთა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა მოსამართლე, რომელმაც 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მისი განაჩენი გამოიტანა, გრუ-ს დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა:
„უნდა გამოგიტყდეთ, რომ განაჩენი არ წამიკითხავს და კიდევ კარგი, არ წავიკითხე... ეს განაჩენი არის სრული სირცხვილი, სასამართლომ და მოსამართლემ არ გაიზიარა ლიტველების და ენდიაის დასკვნა და დაუჯერა ნინო ბურჯანაძეს, ანუ ხარჩილავამ უკანონობა დააკანონა, დააკანონა რუსული აგრესია და ის მოსამართლეები, ვინც მას მხარს დაუჭერენ, მზად არიან, ყველაფერზე მოაწერონ ხელი.
მათ არ გააჩნიათ არც სინდისი და არც ნამუსი. მე ვარ შეურაცხყოფილი ასეთი განაჩენის გამოტანით, არ წამიკითხავს და კიდევ კარგი, არ წავიკითხე! ეს არის ხელმოწერა რუსული პროპაგანდის! მე აღშფოთებული ვარ, თუ რა დაწერა აქ მოსამართლემ.
არაფერი მაინც არ დაეწერა და ისე ეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, ამას გავიგებდი, მაგრამ როცა ამას წერ, ეს არის უნამუსობა და უსინდისობა. ჩემს საკანში, სადაც ტელევიზორი მიდგას არცერთი საერთაშორისო არხი არ არის და ამიტომ წიგნს ვკითხულობ” – განაცხადა მერაბიშვილმა.