-
2014-05-12 11:09
iveria. Biz. აქვეყნებს მამუკა კუდავას სტატიას „კოჰაბიტაცია ნომერი ორი“, სადაც ავტორი დღეს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, ზოგადად, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებაზე წერს და აღნიშნავს, რომ დღის წესრიგში ახალი, სამწლიანი კოჰაბიტაციის ჩამოყალიბების საკითხი დგას.
ავტორი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი, რომლის წინასაარჩევნო სლოგანებიდან ერთ-ერთი იყო „დავასრულოთ კოჰაბიტაცია“, ახლა თავად დადგა ახალი კოჰაბიტაციის ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე.
გამოცემას მოჰყავს არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 13 მაისს დაგეგმილი საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის მთავრობამ მოითხოვა, რომ სტუმრისთვის ვახშამი (მას პრეზიდენტმა უნდა უმასპინძლოს) გაიმართოს არა პრეზიდენტის სასახლეში, არამედ ფუნიკულიორის რესტორანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასახლეში მთავრობის წევრები არ მივლენ:
„ფრანგების პასუხი ცალსახა და ლოგიკურია - ვახშამზე პრეზიდენტს პრეზიდენტმა უნდა უმასპინძლოს და მას ასევე პრემიერიც და მინისტრებიც უნდა ესწრებოდნენ, როგორც ეს ყველგან ხდება პროტოკოლის და სტუმართმოყვარეობის ცივილური წესების შესაბამისად.“, - წერს სტატიაში მამუკა კუდავა და უკვე ჩავლილ ამბავსაც იხსენებს, როცა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან შეხვედრაზე, ფუნიკულიორის რესტორანში, პრემიერმინისტრი არ მივიდა და მთავრობა მხოლოდ ვიცეპრემიერ კალაძით იყო წარმოდგენილი.
სტატიის ავტორს დაპირისპირების თვალსაჩინო, ბოლოდროინდელ ნიმუშად მოაქვს მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალს ართმევს შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლებას.
„პრეზიდენტი და პრემიერი უკვე ერთ სივრცეშიც კი არ ჩნდებიან ერთად. ბოლო მაგალითი საარჩევნო გადაცემაა „იმედზე“, რომელზეც პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ მოსვლა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მარგველაშვილს მოწვევა არ მიუღია“, - წერს გამოცემა და ამატებს, რომ უცხოელი დიპლომატები უკვე ირონიით აღნიშნავენ, მინისტრები პრეზიდენტის სატელეფონო ზარებს არარც პასუხობენო.
სტატიის ავტორი წერს, რომ ძნელია, უცხოეთში ვიზიტები პრეზიდენტმა მოაწყოს მაშინ, როცა საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მისი ობსტრუქციით არიან დაკავებული, მაგრამ მსგავსი ვიზიტები აუცილებელია და მათი სიხშირე „მოცლილი პრეზიდენტის“ მონდომებასა და პრინციპულობაზეა დამოკიდებული.
ავტორი ნახევრად ხუმრობით აკისრებს პრეზიდენტისა და პრემიერის შერიგების მისიას პაატა ზაქარეიშვილის სამინისტროს და, ასევე ირონიით აყენებს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო მოძრაობების ჩამოყალიბების იდეას:
„ახალი კოჰაბიტაციის უზრუნველყოფა ყველაზე მეტად მინისტრ ზაქარეიშვილის კომპეტენციაში შედის. პრეზიდენტისა და პრემიერის მხარდაჭერით ხომ სწორედ მან გადაარქვა სახელი საკუთარ სამსახურს - „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“. ხოდა, ყოფილმა „დეზინტეგრაციის“ მინისტრმა კეთილი ინებოს და უპირველეს ყოვლისა იზრუნოს ქვეყნის პირველი ორი სახელმწიფო მოხელის შერიგებაზე და პრეზიდენტისთვის თანასწორობის რეჟიმის შექმნაზე.“;
„ალბათ მომწიფდა დრო, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციები ან საზოგადოებრივი მოძრაობები მოთხოვნებით: „ვითხოვთ ახალ კოჰაბიტაციას“, „ჩამოართვან ხელი მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა, სააკაშვილის და ივანიშვილის მსგავსად“, „ერთად დაესწრონ თუნდაც კულტურულ ღონისძიებას პრეზიდენტი და პრემიერი“, „დაგვიბრუნეთ პირველი კოჰაბიტაცია“, „არ გვინდა ორი პირველი ლედი“, „პატრიარქმა შეარიგოს“, „დაგვანახეთ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმზე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი“, „ნეკი ნეკისა, შერიგებისა“, „ჭიტა, პრეზიდენტო!“, „დავარქვათ პრეზიდენტის სასახლეს - შემოიხედე გენაცვალე“, - წერს ავტორი.
მამუკა კუდავას აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა უნდა იყოს პრეზიდენტისთვისა და ფრანკომანი პრემიერისთვის, კოჰაბიტაციის ფრანგული გაკვეთილი აითვისონ, „სადაც ხუმრობენ, რომ სატელევიზიო დებატებში დაუნდობელი კამათის შემდეგ კოჰაბიტაციაში ჩართული პოლიტიკოსები ერთად მიდიან ვახშამზე. ჩვენთან კი პირიქითაა - საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტი და პრემიერი უარყოფენ კონფლიქტს, მაგრამ ვახშამზე ერთად მაინც არ მიდიან“.
iveria.biz - ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მოამზადა ლაშა ბერულავამ
