-
2014-05-11 09:43
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ჩანან კითხვები ყოფილ პრეზიდენტთანაც არსებობს.
ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ექნება თუ არა გამოძიებას კითხვები ყოფილ პრეზიდენტთან იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ირიბად არის მოხსენიებული პრეზიდენტის დაცვის სამსახური და მისი უფროსი, კაციტაძემ დადებითი პასუხი გასცა.
"დიახ, ბრიფინგის დროს გუშინ ჩვენ გავაჟღერეთ, რომ ხალხი, რომელიც "რუსთავი–2"–ის შენობაში იყვნენ მისული, ესენი იყვნენ სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები და მინდა ავღნიშნო, რომ საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომხდარ გარემოებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო დაკითხვაზე დაბარებული და ერთ–ერთი თემა იყო სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის არამიზნობრივი ხარჯები, რომელსაც ეს სამსახური ეწეოდა. შესაბამისად კითხვები ამასთან დაკავშირებით გვაქვს ბატონ პრეზიდენტთან",– განაცხადა პროკურორმა.