
საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებელთა მიერ პანამის ოფშორულ ზონაში არსებული კომპანიებთან პოლიტიკური ფიგურების საეჭვო კავშირებისა და ფულის გათეთრების შესახებ ატეხილ სკანდალს მიხეილ სააკაშვილთან და პეტრო პოროშენკოსთან მიმართებაში განიხილავს გაზეთი "ქრონიკა პლუსი".
სტატიის ავტორი წერს, რომ სკანდალის გახმაურება და მასში პეტრო პოროშენკოს მონაწილეობა არ იყო შემთხვევითი დამთხვევა იმ ფონზე, როცა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და სააკაშვილის გუნდის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე გადამწყვეტი შეტევაა მიტანილი.
"..არ ვიცით, რა აჩვენა განმარტოებისას კერიმ პუტინს ან დარჩა თუ არა გაკვირვებული რუსეთის პირველი პირი, მაგრამ ფაქტია, ამ დიალოგიდან მეორე დღესვე კრემლის პრესმდივანმა საგანგებოდ განაცხადა, პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ ინფორმაციულ შეტევას ამზადებენ და არ დაიჯეროთო, ხალხს მოუწოდა. სავარაუდოდ, პუტინმა ნახა, რა ედო კერის ჩემოდანში...
ამ დიალოგიდან რამდენიმე დღეში დაიძაბა სიტუაცია უკრაინაში, სადაც კორუფციულმა ელიტამ საკაშვილის გუნდის ბურჯზე - დავით საყვარელიძეზე მიიტანა იერიში და თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც მაშინვე მღელვარება მოჰყვა ოდესაში, ხოლო „ნიუ-იორკ თაიმსმა“ აქამდე არნახული სტატია დაწერა, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ პოროშენკომ საყვარელიძე აუცილებლად უნდა აღადგინოს თანამდებობაზე.
პოროშენკო კიევში ჩასვლისთანავე შეხვდა საყვარელიძეს და დაჰპირდა, ახალი პროკურორის დანიშვნისთანავე ძველ თანამდებობაზე აღგადგენო. ან დოისთვის ოდესაში უკვე მაიდნის ნიშნები შეიმჩნეოდა: აქტივისტებმა ფარეხებში გადანახული საბურავები მოიძიეს, პლედები და ცხელი ჩაი-ყავა მოიმარაგეს და ოდესის პროკურატურის შესასვლელთან კარვები დასცეს, ჩვენ აქ პროკლემლისტ პროკურორ სტოიანოვს არ შემოვუშვებთო. მათ მხარდაჭერა სააკაშვილმაც გამოუცხადა.
მოკლედ, ამ ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა უკრაინაც გვარიანად არია და ახლა ჯერი ისევ მასზეა: ბევრს აწუხებს შეკითხვა, გაემიჯნება თუ არა სააკაშვილი მის ძველ მეგობარს პეტრო პოროშენკოს, რომელიც, გამოქვეყნებული სკანდალური მასალების მიხედვით, ოფშორულ კომპანიებს ფლობდა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.
თანაც, რაც უკრაინელებისთვის, შესაძლოა, მთავარი შოკისმომგვრელი ფაქტორი აღმოჩნდეს, ოფშორული კომპანიის მართვით და იქ ფულის გადაქაჩვით სწორედ მაშინ იყო დაკავებული, როცა უკრაინას სადაგი დღეები ედგა: 2014 წლის ივნისში, როცა ხმამაღლა გმობდა რუსეთის აგრესიას, მზადყოფნას აცხადებდა მის მოსაგერიებლად, ხოლო ჟურნალისტებს გვარდიის დისლოკაციის ადგილებზე იწვევდა, რათა გადაეღოთ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პრეზიდენტი როგორ ყოჩაღად და აუცდენლად ისვრის ტყვიამფრქვევის ჯერს...
მთელს ამ ვაკხანალიაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ვალოდიას, ბორიას და პოროშას ერთი მმართველი კომპანია ჰყავდათ დაქირავებული, ოპფშორული კომპანიების მართვისთვის, და ეს მაშინ, როცა ვალოდია ოკუპანტად ითვლება როგორც ბორიას (ივანიშვილის სახელი რუსეთში), ასევე პოროშას ქვეყნებში...
სააკაშვილი თავის სტიქიაშია. თუმცა, მას არჩევანის გაკეთება ნამდვილად მოუწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელს ამჯობინებს; პოროშენკოზე თვალის დახუჭვას და ისე მუშაობას, რომ მან ჩამოაცილოს გზიდან ყველა ხელისშლელი, თუ ხალხის მხარეს დგომას, პოროშენკოს მხილებას და საბოლოოდ, მისი ჩაის დალევას, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტი გახდება..."- წერს ავტორი სტატიაში.