-
2015-09-16 20:08
„ფეისბუქზე“ პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელ გოგა ანთიძის ჩანაწერი იმის შესახებ, როგორ გათენდა და დაღამდა თბილისში, ზ.მ.კ-ს („ზეემკა“ - მეტალურგიული კომბინატის ქარხნის დასახლება) ერთი მაცხოვრებლისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე.
მოსკოვის პროსპექტის ბოლო ანუ ზეემკა ZMK (Zavod Metalurgicheskogo Kombinata), როგორც გურულები იტყვიან, ღმერთისგან და მთავრობისგან მივიწყებული ადგილია, ბევრი უცნაურობა ხდება აქ - ხალხია უცნაური და მაგიტომ.
მოკლედ, შემოქმედი ადამიანისთვის იდეალური ადგილია, ბევრი ინსპირაციის წყარო დააბიჯებს . ხშირია შუქის გათიშვები გაუმართავი კაბელების გამო. მაგალითად, წელს ჩემ დაბადების დღეზე წვიმა მოვიდა, კატას უფიქრია, შევეფარები სადმეო და დენის ტრანფორმატორში შესულა, სველი იყო, ახლოს მოუვიდა მისვლა..... კატაც აფეთქდა და ტრანსფორმატორიც.
აი ასეთი ამბები ხდება ხოლმე, გუშინაც ასეთი, არაფრით გამორჩეული დღე იყო, გავიღვიძე, ყველაფერი მწყობრში მაქვს და როგორც ჯანმრთელ ადამიანს შეეფერება, წინ გამობერილი ტრუსით მივაბიჯებდი საპირფარეშოსკენ თან გზად ვფიქრობდი რომ მოვითავებ ყველაფერს(მოთავებაში ის არ იფიქროთ) ერთს კარგად გადავივლებ მერე გარეთ გავალ გავისეირნებ და საღამოს მეგობრებთან ერთად ლუდსაც დავლევთქო.
შევედი, აღმოჩნდა, რომ წყალი არ მოდის(ოჯახში ყველაზე ბედნიერი ადამიანი უწყლობის დროს ის არის, რომელიც წყლის გამორთვის შემდეგ პირველი შევა საპირფარეშოში და უკვე ავსებულ ბაკს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, მე დაცლილი დამხვდა, დამასწრეს ) , თავს და სხეულს ვაიძულე მოთმინებით დავლოდებოდით წყლის მოსვლას.
დილის 09:30-ა, ვნახე ერთი ნორვეგიული კარგი ფილმი, მივაყოლე მეორე ფილმი, მოვუსმინე ქიურის 84 წლის იაპონიის ლაივს(ჩემს იმ მომინტასათვის დათრგუნულ/დეპრესიულ/ცხოვრებაზე გულაცრუებულ ხასიათს ყველაზე მეტად რობერტ სმიტის მუსიკა უხდებოდა) , მაგრამ წყალი მაინც არ ჩანს, მოსაღამოვდა.
მეგობრების ნახვის დრო მოვიდა, მაგრამ დაუბანელი ვერ გავალ სახლიდან, მოვიკრიბე ძალა - სადაც საპირფარეშოში შესვლის მძაფრი სურვილები მოვთოკე, ამასაც ვიზამ-მეთქი, დავავლე ხელი საკუჭნაოდან გამოტანილ სათლს (ქართულად ვედრო), რომელშიც ჰარის და რონს ტყეში რომ მოსდევენ, მაგათზე დიდი ოღონდ სხვა ჯიშის ობობები ცხოვრობდნენ...
წავედით წყლის საშოვნად მე და ჩემი ახლად შეძენილი ბევრფეხა მეგობრები. გვერდით კორპუსის ეზოში მოდიოდა წყალი, მაგრამ როგორც MAD MAX-ის ბოლო სერიაშია, ეგეთი ამბები ხდებოდა: იდგა 100-მდე ადამიანი, ქალები მთავრობას წყევლიდნენ, კაცები მაჩულისს და ბიძინას აგინებდნენ, ჩავდექი რიგში, კიდევ ერთი გამოცდა ჩემს მოთმინებას.
ერთი ორი მეც შევაგინე მაჩულისს, ბიძინას არა, იმიტომ რომ, ეგ აუტომატურად ნიშნავდა ჩემს ჩართვას დიდ გარჩევაში ბიძოVS მიშა რომელიც რიგში მიმდინარეობდა.
ბედი ბოლომდე არ გაწირავს ადამიანსო და უცებ დიდი სატვირთო მანქანა მოვიდა, დიდი ცისტერნებით, რომლებიც წყალს არიგებდნენ (ამან დაახლოებით 50 % შეამცირა მთავრობის გინება), დიდი სისწრაფით არასდროს გამოვირჩეოდი, ბავშვობაშიც სულ ბოლო ადგილზე გავდიოდი იმ თამაშებში, სადაც სირბილი იყო საჭირო, მაგრამ მოხუცი ქალები და კაცები მაგრად ჩავხიე, პირველი მივვარდი ამ ცისტერნებთან და ვენეციას დავამსგავსე ჩემი "პლასტმასის ვედროში" მცხოვრები ობობების სამოსახლო.
ავედი სახლში. დაახლოებით 45 წუთი მაქვს, თუ ვიჩქარებ არ დავაგვიანებ ! შემოვდგი ეს ვედრო გაზქურაზე და მოვუკიდე, უცებ გამახსენდა რომ ადრეც ვერ გავაცხელე "პლასმასის ვედროთი" წყალი, სწრაფად გადმოვდგი ჩემი უკვე ART ვედრო. (სალვადორ დალის მოეწონებოდა რომ ენახა).
სახლში მარტო ვარ , არც ანგარიშზე მაქვს რომ დავურეკო ჩემებს და ვკითხო სადაა რამე რაშიც წყალს გავაცხელებთქო(დედაჩემს ისე აქვს ყველაფერი შენახული, შერლოქ ჰოლმის კოლომბო და მეგრე ერთად რომ შეუშვა სახლში მაინც ვერაფერს იპოვიან) უცებ გაზქურაზე თვალი მოვკარი ქვაბს(პატარას) რომელშიც წიწიბურა მოამზადეს, ჩავიხედე და ნახევრამდე იყო ეს კარგი საჭმელი დაყვანილი.
გადმოვდგი, ავიღე დიდი კოვზი და დავცხე ჭამა(გადაყრა დამენანა), ბევრი დრო არ მქონდა, 3-4 წუთში სულ ამოვჭამე, გამოსარეცხად იმ სიმწრით ნაშოვნ წყალს ვერ დავხარჯავდი, ჰოდა ჩავასხი პირდაპირ და დავიწყე გაცხელება, გვერდებზე და ძირზე მიკრული წიწიბურები და დამხრჩვალი ობობები ტივტივებდნენ ჩემს ქვაბში, გაცხელდა წყალი, გადავანელე, საკაიფო ტემპერატურაზე დავაყენე, შევიტანე სააბაზანოში, ავიღე ჩემი მიუნხენის ბაიერნის პირსახოცი, რომელიც მამაჩემმა მაჩუქა უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე მაგის აღსანიშნავად და გავემართე "კრუშკის" მოსატანად (კი მიხვდებით ეს "კრუშკა" რისთვის მჭირდებოდა).
ტრადიცია არ დაირღვა, გადავატრიალე სახლი და მაინც ვერაფერი ვიპოვე ჩის ჭიქაზე დიდი ზომის, ბედი ბოლომდე არ გაწირავს კაცსთქო, ხომ ვთქვი, ჰოდა 9 წლის რომ ვიყავი, მაშინ მომნათლეს, დღევანდელ დღესავით მახსოვს, მამაჩემის ძმაკაცმა ნათლობის საჩუქრად ორი უზარმაზარი ჯიხვის ყანწი მომიტანა, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩვენს მისაღებ ოთახში, მამაჩემიც ყველა სუფრის დროს ყვება ისტორიას რომ ჩემს ნათლობაზე ორჯერ გამოცალა ეს სასმისი.
დავავლე ოჯახისთვის ამ წმინდა ნივთს ხელი და შევიტანე სააბაზანოში, გამოვიხურე კარები(არ ჩავკეტე შიგნიდან) და დავცხე კაი ბანაობა: ჩავყოფდი ყანწს ამ წიწიბურ/ობობიან წყალში და გადავივლებდი. ეს წიწიბურები ტანზე მეწებებოდა და ცალკე მათი მოშორება მტანჯავდა, ასე გაგრძელდა ნახევარი ვედრო, სიმღერა არ გამომდის, სააბაზანოშიც ვერ ვმღერი, ვიფიქრე სადღეგრძელოებით მაინც შევიქცევ თავსთქო, ჩავყოფდი ყანწს, ვიტყოდი სადღეგრძელოს, გადავივლებდი, თან კომენტარებს ვაკეთებდი:
"ოპ, ოპ, ოპ, მიცვალებულებზე დიდხანს ნუ გავჩერდებით"; "ალავერდს შენთან ვარ"; "ალავერდის ძალი და მადლი შეგეწიოს ჩემო მამუკევიჩ (მამას მამუკა ქვია)" და ა.შ. ბოლოს ფუძის ანგელოზიც ვთქვი და დავამთავრე ბანაობა, გადმოვედი "დუშ კაბინიდან" არ გაგიკვირდებათ და შიშველი, მარჯვენა ხელში ყანწი მიჭირავს, მარცხენათი კბილის ჯაგრისს დავწვდი და ზუსტად ამ წამს გაიხსნა სააბაზანოს კარები, მამაჩემი და მე, პირისპირ...
ენიო მორიკონეს მუსიკა, სერჯიო ლეონეს ფილმიდან „კარგი, ცუდი, ბოროტი“, იმავე ფილმის ბოლო სცენა, ახლო კადრები: მამაჩემის თვალები-ჩემი თვალები, მამაჩემის თვალები-ჩემი თვალები.
ეს 5 წამი საუკუნედ გაიწელა, შიშველი მე, მარჯვენაში დიდი ჯიხვის ყანწი, მარცხენაში კბილის ჯაგრისი, წინ მამაჩემი ჯინსის შარვლით და "კლეჩატი საროჩკით"...
შეტრიალდა და წავიდა...
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ძალიან მაინტერესებს, ნეტავ რა იფიქრა იმ წამს და რას ფიქრობს ახლა იმაზე, რაც საკუთრ სააბაზანოში გუშინ 18:46 ზე იხილა.
