
სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ნიკა ჩალაბაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინადღეს მე-5 კლასის მოსწავლეს თანაკლასელ გოგონასთან კონფლიქტი მოსვლია.
„ნიკა ძალიან მოწესრიგებული, კარგი ბიჭი იყო. იმ დღეს, დილით, ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაწყებულიყო, რომ მითხრეს, გარეთ ჩხუბიაო...
ნიკას გამოვკითხე ჩხუბის მიზეზი, მითხრა, გუშინ ერთმა მითხრა, ნაშვილები ხარო. მასწავლებელო, ესე იგი, ნაბიჭვარი ვარო? ბავშვმა ნათქვამი ასე აღიქვა.
ნიკას დამშვიდება ვცადე, აბა, რას ამბობ, ვიღაცამ რაღაც სისულელე წამოროშა და შენც დაიჯერე? მშობლები გყავს, ძმა, ხომ იცი, მათ როგორ უყვარხარ-მეთქი. მისი ძმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა.
დიდხანს ვესაუბრე. ცოტა გამხიარულდა, მივხვდი, რომ დამშვიდდა, ხელი მოვხვიე და გაკვეთილზე შევიყვანე. პირველი გაკვეთილი დასრულდა თუ არა, მითხრა, ია მასწავლებელო, კიდევ ჩხუბი რომ არ ატყდეს, ძალიან გთხოვთ, სახლში გამიშვითო.
დედა სახლში თუ არ არის, ვერ გაგიშვებ-მეთქი, დედა არ არის, მაგრამ პაპა და ბაბო ხომ არიანო. მართალია, დამშვიდებული იყო, მაგრამ, სანამ დედამისი შინ არ დაბრუნდებოდა, მაინც არ მინდოდა მისი გაშვება. არადა, არ მომეშვა, ძალიან გთხოვთ, წავალ და უფრო მეტად დავისვენებო, გავუშვი, მაგრამ თანაკლასელი მაინც გავაყოლე.
ბიჭის ბებიის თქმით, შვილიშვილი შინ რომ მისულა, უსადილია, მერე დედისთვის დაურეკავს, სახლში ვარ, ინგლისურს ვიმეცადინებ და მერე მასწავლებელთან წავალო. მერე ბებიამ და პაპამ ბიჭი დღის 2 საათზე სახლის გვერდით ჩამომხრჩვალი ნახეს. ამბობენ, ნიკასთვის მესიჯი მიუწერია ვიღაცას, თავს არ დაგანებებ, მთელი სიცოცხლე არ გაგახარებო...
წინადღეს ნიკას მშობლებისთვის უკითხავს, არ დამიმალოთ, მითხარით, მართლა ნაშვილები ვარო? დედ-მამას ძლივს დაუწყნარებია ბიჭი. მერე დედამისს იმ ბავშვის მშობლებთან დაურეკავს და მათ შორის შელაპარაკებაც მომხდარა. საღამოს კი მე დამირეკა, ნიკაზე წუხდა.
თანაკლასელ გოგონას უთქვამს. რომ ჰკითხეს, ასეთი რამ რატომ უთხარიო, ასე ამბობენ ჩემი მშობლებიო...“ - აცხადებს კლასის დამრიგებელი ია პაპიაშვილი.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს სკოლის დირექტორი და პედაგოგი, ასევე ბავშვის მშობლები, კლასელები. გამწარებული ოჯახი დამნაშავე ბავშვების დასჯას ითხოვს.
„კვირის პალიტრა“