-
2015-03-23 23:39
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს თავისი შვილის - ვიქტორის დაკრძალვას დაესწრო, რომელიც სევასტოპოლში გაიმართა.
„პანაშვიდზე ნათესავები, მათ შორის, მამაც იყო, - უთხრა „კრიმინფორმს“ ეკლესიის მსახურმა, - ქალი, სავარაუდოდ, დედა, ხმამაღლა ტიროდა, ქვითინებდა. კიდევ პატარა ბიჭი იყო, მგონი, ვაჟიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ალბათ, ნათესავები“.
ღვთისმსახურის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსის ცხედარი ეკლესიაში 23 მარტს, ღამით მოასვენეს. მისივე თქმით, ნათესავები დილით მივიდნენ. ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის ცხედარი საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული და ამოსაცნობი ნიშნები არა აქვს. საფლავზე აწყვია ყვავილების გვირგვინები სხვადასხვა წარწერით: „მშობლებისგან“, „მეუღლისგან“, „კოლეგებისგან“; „ბონდარის ოჯახისგან“, „დიაჩენკოს ოჯახისგან“.
ამავე ღვთისმსახურის თქმით, მრავალრიცხოვანი მცველები დაკრძალვის დროს სასაფლაოს ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ამ დროისთვის იანუკოვიჩის ვაჟის დაღუპვის ერთადერთ ოფიციალურ დადასტურებად რეგიონების პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სამძიმრის წერილი ითვლება.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, იანუკოვიჩი სევასტოპოლში, სამხედრო სასაფლაოზე დაეკრძალათ, სადაც რუსეთის არმიის ჯარისკაცები, 1853–1856 წწ ყირიმის ომის მონაწილეები განისვენებენ.
როგორც სევასტოპოლის ნახიმოვის რაიონის ჩინოვნიკმა განაცხადა, ვიქტორ იანუკოვიჩი დაიღუპა, როგორც გმირი: „მან სხვა ადამიანებს გაუწია დახმარება და ყველა გადაარჩინა, ხოლო თავის გადარჩენა ვეღარ შესძლო. სწორედ ამიტომ ის გმირია“.
დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაკრძალვის ცერემონიალზე ვიქტორ იანუკოვიჩ-უფროსი და მისი თანმხლები პირები 20 მაღალი გამავლობის მანქანით ჩავიდნენ, რომლებსაც ყველა მინა დამუქებული ჰქონდა.