
ტიბეტის მხარეში, საშინელ სიღარიბეში დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
ისინი თვითმყოფადობას მხოლოდ იმით ინარჩუნებენ, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს მკაცრად იცავენ.
ყველაზე გახმაურებული და გასაოცარი ტრადიცია პოლიანდრიაა, როდესაც ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს და რომელიც ეკონომიკური მიზეზებით არის განპირობებული.
თუ ოჯახში რამდენიმე ბიჭია და ოჯახი ღარიბია, მათ უჭირთ რამდენიმე რძლის მოსაყვანად გამოსასყიდის გადახდა გოგოს ოჯახისთვის, ამიტომ ერთი მოჰყავთ, უფროსი შვილისთვის, და ის ერთი ცოლი ხვდება დანარჩენ ძმებსაც.
გარდა ამისა, როდესაც ცოლი ერთია, ოჯახიც ერთია და ძმებს შორის ქონების გაყოფის აუცილებლობაც აღარ ჩნდება.
ასეთ ოჯახებში მთავარი უფროსი ვაჟია, ის არის ოჯახის მემკვიდრეც, უმცროსი ძმები კი უბრალოდ უერთდებიან ამ ქორწინებას. ყველა ძმა ერთად უძღვება მეურნეობას, ცოლის სარეცელს კი მკაცრი რიგითობით სტუმრობენ და დანარჩენების გაფრთხილების ნიშნად, კართან თავიანთ ფეხსაცმელს ტოვებენ.
სხვათა შორის, ასეთ ოჯახებში რძალთან მამამთილის დაწოლაც მიღებულია. მამობის საკითხი ამგვარ ქორწინებებში ძალიან იშვიათად დგება. ყველა ბავშვს ჰყავს საერთო დედა, რომელიც მათ ზრდის და ყველა ბიჭს, როგორც მათ მამას, მომავალში საერთო ცოლი ეყოლება.
ტიბეტში ძალიან ბევრი ბუდისტი ბერია. მრავალქმრიანობამ და ბერების უბიწობის აღთქმამ შედეგად ის გამოიწვია, რომ გოგონებს შორის საშინელი კონკურენციაა და კიდევ - საკმაოდ ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ უკანონო ურთიერთობებისადმი.
თუ გაუთხოვარი გოგონა დაორსულდა, მომავალი ბავშვის მამა ვალდებულია, მის ოჯახში ბავშვის დაბადებამდე და მას მერე ორი კვირა იმუშაოს, რის შემდეგაც გოგოს მშობლები მას მადლობას უხდიან და უშვებენ, ახალშობილს კი ჩვეულებრივ ზრდიან.
ბევრ ახალგაზრდას ტიბეტში ყელზე აქვს დაკიდებული მონეტების სამკაული. თითოეული მონეტა საყვარლისგან მირთმეული ამურული საჩუქრის სიმბოლოა. თუ სამკაულში ცოტა მონეტაა, ე.ი. გოგონა არც ისე პოპულარულია მამაკაცებს შორის და გათხოვების შანსი ნაკლებად აქვს.
უცხოელთან რომანი ყველაზე ძვირად ფასობს და სამკაულებში მარჯნის ბურთულით აღინიშნება. ამიტომ, თუ გოგონას ყელზე რამდენიმე მარჯნის ბურთულა ჰკიდია, ის ერთ-ერთი შესაშური საპატარძლოა.
ყველაზე დიდი მხიარულება კი ტიბეტელებისთვის ქორწილია, რომელიც შეძლებისდაგვარად პომპეზურიც არის. იქ ბევრს სვამენ, განსაკუთრებით ლუდს, რომელსაც აყოლებენ მარცვლეულს და ტკბილეულს. სვამენ ქალებიც და ყველა ცდილობს, ამ დღეს მხიარულება არ მოიკლოს.
reitingi.ge