
პროექტ „ორ ვარსკვლავის“ მონაწილე ხათუნა ჟორდანია ამბობს, რომ თავიდან ბევრჯერ ინანა პროექტში მონაწილეობას რომ დათანხმდა.
თუმცა ახლა აზარტშია და გიო ხუციშვილთან ერთად კვირიდან კვირამდე ბევრს მეცადინეობს.
„ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო.
„ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავბედე, რომ სიმღერას ეხება.
ზოგადად, სიტყვა კონკურსი არ მიყვარს. არანაირი კონკურსის მოგება არ ღირს იმ ნერვიულობად, რასაც მონაწილე პროექტში ყოფნისას განიცდის.
ჩემს თავს გვერდიდან რომ შევხედო, ვიტყოდი, რომ ნინისთვის უფრო კარგი დედა ვარ, ვიდრე ანასტასიასთვის.
ნინიზე უფრო მაქვს მობილიზებული მთელი ჩემი ყურადღება. ანასტასიას არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს და რადგან ვიცი, რომ ის არაფერს არ დატოვებს ყურადღების მიღმა, მე ცოტა პასიური გავხდი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვინც არ მავიწყდება, არის ნინი.
ალბათ, მისი გათხოვება ძალიან გამიჭირდება. წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები.
მქონდა არაჩვეულებრივი სამსახური. ლექციებს ვკითხულობდი ''გეპეიში'' უცხო ენებში და ძალიან მომწონდა სტუდენტებთან ურთიერთობა. ბოლო ორი წელი მქონდა დეპრესია. ლოგინიდან არ ვდგებოდი და არსად გავდიოდი.
დეპრესია რამ განაპირობა, არ ვიცი. ერთ-ერთ მიზეზი იყო წონის მომატება, რომელსაც წლების განმავლობაში ვერაფერი მოვუხერხე.
ანასტასიას გაჩენის შემდეგ საშინლად მოვიმატე. სარკეში ჩემი თავი იმდენად არ მომწონდა, რომ გარეთ გასვლა არ მინდოდა. ლექციების კითხვაც მივატოვე და ორი წელი სახლური ცხოვრება მქონდა.
როდესაც რუსა მორჩილაძემ პირველად შემომთავაზა კონკურსში მონაწილეობა, თავიდან ძალიან დავცინე. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად, მაგრამ რომ წამოვედი, გზაში ვიფიქრე, ეს ჩემთვის რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზა იქნებოდა.
პროექტში მონაწილეობას თუ დავთანხმდებოდი, ლოგინში წოლას ვეღარ გავაგრძელებდი. შეიძლება ითქვას, ჩემს თავს გამოსავალი მოვუძებნე. ახლა დილით ადრე ვდგები და ვემზადები.
პარალელურ რეჟიმში ბევრ საქმესაც ვაკეთებ, რასაც ადრე არ ვაკეთებდი და მანქანის მართვაც კი დავიწყე. წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ. თუ სადმე მივდიოდი, მერჩივნა, ტაქსით წავსულიყავი. დეპრესია „ორმა ვარსკვლავმა“ დამაძლევინა,“ - აცხადებს ხათუნა ჟორდანია.
reitingi.ge