
პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენლის, ნინო ჩარკვიანის განცხადებით, დუშეთში მოქმედ სატანისტურ სექტაში 50-60 ბავშვამდეა ჩართული.
მისივე თქმით, მოზარდებს სხვა თანატოლებისგან ყვითელი კანითა და სხეულზე ამოსვირინგებული ამოყირავებული ჯვრით გამოარჩევთ, წარწერით: „სიძულვილი“.
„ორი დღის წინ დუშეთში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. მან კალიუმის ციანიდი დალია, რომელიც, თბილისიდან მიკროავტობუსით, კონვერტით გაუგზავნეს. გოგონას ქმედების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით მისი 18 წლის შეყვარებულის გარდაცვალება გახდა".
ნინო ჩარკვიანის განცხადებით, დუშეთში მოქმედებს სატანისტური სექტა, რომელშიც ბავშვებიც არიან ჩართული. ამ სექტის წარმომადგენელები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა კი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან“,- აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.
პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელი დუშეთში 20-30 ოჯახს გაესაუბრა. მოსახლეობა სექტაზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს.
„ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და ამ საკითხში საპარტრიაქო და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ჩაერთონ, რომ ბავშვები გადავარჩინოთ“, - დასძინა ჩარკვიანმა.