
მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-დან მაჭანკლობის, გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტზე, ღალატსა და ოჯახზე საუბრობს.
„ადრე მაჭანკლობა იმიტომ იყო საჭირო, რომ არ არსებობდა ტელეფონი, სოციალური ქსელი, დღევანდელ დღეს კი ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება.
ძალიან მომწონს, როცა ოჯახი ქართული ტრადიციებით, ქორწილითა და სხვა წესების დაცვით იქმნება, თუმცა ამასთანავე ვემხრობი გერლფრენდ-ბოიფრენდობის თემას.
ჩვენ ისეთ ოჯახებში ვცხოვრობთ, ამას ჩვენი მშობლები ვერ გაიგებენ, ალბათ, ჩვენი შემდეგი თაობა უკვე შეძლებს ბოიფრენდთან ერთად თამამად ცხოვრებას.
დაკვირვებული ვარ, საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ, თუნდაც შვილი გყავდეს. ფაქტია, რომ იქმნება ოჯახები, თხოვდებიან მეორედ, მესამედ და ბედნიერები არიან.
ეს ყველაფერი არც ისე რთულია. გერლფრენდ-ბოიფრენდობა იმითაა კარგი, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს, უკეთ იცნობენ ერთმანეთს, თავდაპირველად არ აჩენენ შვილს, არ იჩენენ საყვარელს, ერთმანეთის ერთგულები არიან და წლების შემდეგ, როცა ხვდებიან, რომ ერთად კარგად გრძნობენ თავს, სიმბოლურად აკანონებენ ურთიერთობას, თორემ ცხოვრება ერთმანეთთან ისედაც დაკავშირებული აქვთ.
საქართველოში ეს ყველაფერი პირიქითაა, ადრე მოჰყავთ ცოლები, მერე კაცები იჩენენ საყვარელს, რაც თითქოს აუცილებელი გახდა, ერთგულების შეგრძნება არ აქვთ, შედეგად კი ოჯახები ინგრევა.
ტელევიზიით თუ სამეგობრო წრეში მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალიშვილობას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საამაყოა და მომწონს კიდეც, თუ ქალისთვის ქმარი იქნება პირველი მამაკაცი, მაგრამ ასე თუ არ მოხდება, ამით ქვეყანა არ ინგრევა და ესეც არაა დანაშაული.
მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საყვარლის ყოლას, მაგრამ ერთი ღამის გართობისთვის ოჯახი არ უნდა დაინგრეს, სისტემატურ სახეს რომ იღებს ეს ყველაფერი, მერე იქმნება პრობლემები და ინგრევა ოჯახი. “- ამბონს ხატია.
„რეიტინგი“