
რუსული გამოცემა „ლაიფნიუსი“ აქვეყნებს ინტერვიუს ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ მოწმესთან, რომლის გვარიც არ სახელდება.
ვინმე ვიქტორი ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში ისიც ხიდზე მიდიოდა და მთელი ყურადღება სმარტფონზე ჰქონდა გადატანილი, როცა თვაი მოკრა, რომ მისგან 80 მეტრის მოშორებით მამაკაცი მიწაზე დავარდა.
მისი თქმით, ამ დროს მეორე მამაკაცი ბარიერს გადაახტა, ხიდზე გადავიდა და მანქანაში ჩაჯდა, რომელიც მეორე ზოლში ელოდებოდა.
ვიქტორმა მანქანის მარკის დამახსოვრება ვერ შეძლო, რადგან ამ დროს დაჭრილის დასახმარებლად დაიხარა.
როგორც თავად ვარაუდობს, მკვლელს ელოდებოდა ადგილობრივი წარმოების ავტომობილი.
„ზურგში რამდენიმე ტყვიით დაჭრილი ნემცოვი ჯერ ხრიალებდა, ხოლო რამდენიმე წუთში გარდაიცვალა...
მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს ხელში ცნობილმა პოლიტიკოსმა დალია სული “ - ამბობს ინტერვიუში ვიქტორი.