
ასტროლოგების ვარაუდით, თხის წელი არც ისე იოლი გასავლელია და გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
ასტროლოგი რამაზ გიგაური 1991 და 2003 წლებს იხსენებს, რომელებიც თხის იყო და ორივე საქართველოსთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა (1991-ში სამოქალაქო ომი დაიწყო, 2003-ში "ვარდების რევოლუცია" მოხდა)
„აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა, მოვლენების არასტაბილური განვითარება, ჭირვეულობა, და პერიოდული სასოწარკვეთა.
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თხის წელი მხოლოდ ნეგატიურ ტენდენციებს უკავშირდება, მაგრამ ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თხის წელი მაინცდამაინც პოზიტიურ წლად არ მოიაზრება.
2015 წლის ყველაზე რთული პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს. ყველაზე რთულ კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ - იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის პირველი ნახევარი, შემდეგ უკვე ნოემბერი და დეკემბერი.
ამ წელს მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა ან დაკარგული პოზიციების უხეში მეთოდებით დაბრუნების მცდელობა გამართლებული არ იქნება, რადგან მოსალოდნელია, ამან კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული მდგომარეობა.
რას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ?! ცხადია, უპირველესად მატერიალურ საკითხებს, რადგან თხა ჩინურ ასტროლოგიაში ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს მართავს და მას ცვლილებები ყოველთვის ფიზიკურ სამყაროში მოაქვს.
გამონაკლისი არც 2015 წელი იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ მინიმუმამდე შეამციროს ფინანსური რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხის მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ უბრალო უკმაყოფილებაში, მოსალოდნელია ამას სერიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს, რაც ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.
თხის წელში, ეს ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი "მიზეზები" ერთბაშად და მოულოდნელად აქტიურდება, რაც სერიოზული კრიზისს იწვევს ხოლმე.
თხის წელში როგორც ადამიანები, ისე სახელმწიფოები ჯიუტები და მეტისმეტად პრინციპულები ხდებიან, რაც კონფლიქტებს და დაპირისპირებებს უდებს სათავეს.
"ყველაფერი თხის წელში ხდება" ალბათ გადაჭარბებულია, თუმცა ჩინური ასტროლოგიის მიხედვით თხა შედის "კრიზისულ ოთხეულში" - ვირთხასთან, ხართან და რასაკვირველია, გველთან ერთად. სწორედ ამ წლებში ხდება ძირითადი კრიზისული და გარდამტეხი მოვლენები.
ბოლო ორი ციკლია თხის წელმა საქართველოს პოლიტიკური ცვლილება მოუტანა და არ არის გამორიცხული, ეს 2015 წელსაც მოხდეს და მაგალითად, ეს გამოიხატოს ვადამდელ არჩევნებში.
ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს - დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ყველა ბერკეტით შეეცადოს იგივე ლარის კურსის დასტაბილურებას.
მაშინ, როცა მოსახლეობა მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები, არ იქმნება სამუშაო ადგილები და არ ხდება ადამიანებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო გნებავთ ცენტრალური, გნებავთ რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ ხელფასთან ერთად, პრემიებს და ათასგვარ დამატებებს იღებენ, ეს შესაძლოა, მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ.
2015 წელს რთული იქნება მარტი. ხოლო შემდეგ კრიზისულ პერიოდს უკვე 15 ივნისიდან უნდა ველოდოთ, როდესაც პლანეტა სატურნი ე.წ. "რეტროგრადული" მოძრაობით დაბრუნდება მორიელის ზოდიაქოში და ეს სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისები ან იძულებითი ცვლილებებიც ვიხილოთ“, - აცხადებს რამაზ გიგაური.
ambebi.ge