
მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდიკიას დაკავების შემდეგ მერიაში დიდი უარზაურია.
როგორც ,,ალია“ წერს, დავით ნარმანია ბოდოკიას საქმის ჩაფარცხვით არის დაკავებული და ყველანაირად ცდილობს, მერიის სხვა ჩინოვნიკები არ შეიწიროს.
„ამავე წყაროს ინფორმაციით, გუშინ ნარმანია მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებას ცდილობდა და მისი სატელეფონო ზარისთვის პრემიერს მხოლოს საღამოს უპასუხია.
ნარმანიას პრემიერისთვის შეხვედრა უთხოვია, მაგრამ ღარიბაშვილს უარი უთქვამს და რჩევა მიუცია, მაქედან ეგ ხალხი დროულად მოიშორე, ვიდრე შენც არ გადაგიყოლებენო.
ღარიბაშვილი დარწმუნებული ყოფილა, რომ თავად ნარმანია კორუფციაში გარეული არ არის, მაგრამ მას უთქვამს, რომ ის რამდენჯერმე გააფრთხილა, ცუდი ხმები მომდის მერიიდან, ჩემი წყაროებით გადავამოწმე და დასტურდება, რომ მერიაში რიგი მაღალჩინოსნები კორუფციაში არიან გარეულნი და ამ ხალხს დროულად მიხედე, მაგრამ ვიდრე ჯოკია ბოდოკია ქრთამზე არ დაიჭირეს, დათომ მანამდე ყური არ შეიბერტყაო.
ნარმანიამ ღარიბაშვილს შეხვედრა რატომ სთხოვა, ეს შეიძლება ვერ გავიგოთ, მაგრამ სანდო წყარო აცხადებს, რომ ნარმანიას სურს, ღარიბაშვილმა საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლა მოახდინოს, მერიაში კორუფციის გამოძიების საქმე ბოდოკიაზე შეჩერდეს და სხვები არ დაიჭირონ.
ნარმანია კარგად ხვდება, რომ მერიის სხვა მაღალჩინოსანთა დაჭერები კორუფციული ბრალდებებით, მის ისედაც ფერმკთალ იმიჯს სულ მთლად გააცამტვერებს და მეტიც, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება თავად დავით ნარმანიას გადადგომაც.
ნარმანიას სწორედ ამ საფრთხის ეშინია და თავისი ხელქვეითების გადასარჩენად ამიტომაც ირჯება... ივანიშვილს ნარმანიასთან უკვე რამდენიმე თვეა პირდაპირი კონტაქტი აღარ ჰქონია და ის მხოლოდ ღარიბაშვილისა და სხვა შუამავლების პირით უთვლის სათქმელს ნარმანიას. “,- წერს „ალია“.
გამოცემის ცნობით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო სავარაუდოდ ძალიან მალე დაინტერესდება მერიის მიერ გამართული ოცამდე ტენდერით, რომლებშიც კორუფციული სქემები იკვეთება. სავარაუდოდ, ამ ტენდერების გამარჯებული კომპანიები მერიის მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკუთვნით.