
კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაციები თურქეთში მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის შეხვედრის თაობაზე.
ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, ახლა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს.
„შეხვედრა მართლაც იყო, ეს უმცირესობის დეპუტატმა, ომარ მეგრელიძემაც დაადასტურა ღიად.
მითხრეს, ვარშალომიძე რომ შემოსულიყო საქართველოში, შეიძლება დაეპატიმრებინათო.
სააკაშვილმა ყველას გადაუნაწილა ფუნქციები და ვარშალომიძეს ჩააბარა აჭარა.
ჩემი ინფორმაციით, ვარშალომიძეს ამ შეხვედრაზე უთქვამს: არაფერზე არ ინერვიულოთ, ფული არ მოგაკლდებათ, ჩვენ დავბრუნდებით და თანაც დიდი ხნით.
მთელი ამერიკა ჩვენზე ლოცულობს, ნახეთ, უკრაინაც ჩვენ ჩაგვაბარეს, მალე ბალტიისპირეთსაც ჩაგვაბარებენო, ცოტა ხანში მოვბრუნდებით და ყველას მოგხედავთო.
მურმან დუმბაძემ რამდენიც არ უნდა იყვიროს, არ ვარ შეკრული „ნაციონალებთანო“, მაინც ასე გამოდის, უმაღლეს საბჭოში მისმა ძმაკაცებმა თუ დაქალებმა, რა საკითხსაც დაუჭირეს მხარი, ყველა იყო „ნაციონალების“ მიერ დაყენებული. ისე, სჯობს, მურმან დუმბაძემ თავის თევზის ბიზნესს მიხედოს", - აცხადებს „ქრონიკასთან“ ინტერვიუში თამაზ ბაკურიძე.