-
2015-02-19 23:47
გაზეთი „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ვიქტორია ნულანდისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების დახურული შეხვედრის დეტალებს და წერს, რომ ნულანდმა ნაციონალებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო.
„ნულანდს უთქვამს, რომ ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად.
ნულანდს დაუკონკრეტებია კიდეც, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ „ნაცმოძრაობას“ ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კონკრეტულად უთქვამს, რომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდაიაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია „უკრაინულ ჭაობს“, მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაგვიჭირდებაო;
„...ასევე, შეჰპირებია, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდოს დასავლეთში, და ამაზე ამერიკული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები იზრუნებენ. მოკლედ, ამერიკა თავის გავლენას გამოიყენებს ევროკავშირზე და იმ ქვეყნებსაც აიძულებს „ნაციონალთა“ და სააკაშვილის მხარდაჭერას, რომელთაც დღეს არც ერთის გაგონება არ სურთ.
ნულანდს არ დაუმალავს, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ზაწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და „ნაცმოძრაობის“ წევრთა პოლიტიკური დევნა შეჩერდეს. იქვე განუმარტავს, რომ ამ პროდასავლურ ძალებთან ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მუშაობენ, რათა კრიტიკულ მომენტში ისინი „ნაცმოძრაობას“ გვერდით დაუდგნენ“;
„ნულანდს „ნაციონალები“ დაუიმედებია, რომ ბოლო დროს გააქტიურებულ საქართველოს ხელისუფლებას გააჩერებს, იმ პირთა დაჭერები შეჩერდება, ვინც „ნაციონალებთან“ პოლიტიკურ კავშირშია.
იმას ვერ შეჰპირებია, რომ ყველა დამნაშავე „ნაცს“ დაიცავს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ვერავინ რომ ვერ შეეხება, ამის გარანტია მიუცია. მეტიც, ცოტა ხანში უკვე დაჭერილი ლიდერები გამოვლენ ციხეებიდან, ამაში მალე თავად დარწმუნდებითო.
„ნაციონალები“ უკვე ზეიმობენ, რომ მალე ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა გამოვლენ ციხიდან“; - წერს "ალია".