
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს და არც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოსანაშვილი თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული და იმედოვნებენ, რომ ეს გარემოება მისი სასჯელის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს.
„ეჭვი გვაქვს, რომ სასაფლაოდან აღებული ყუმბარის რაღაც ნაწილს 7 თებერვალს გადაასხეს გიას დნმ.
6 თებერვალს ჩემი ძმა სოფელში მიდიოდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, ჩიტაძის ქუჩაზე მისულიყო.
თითქმის სოფელში იყო შესული, მაგრამ მაშინვე გადმოსულა სამარშრუტო ტაქსიდან და თბილისში წამოსულა.
დამირეკა, იცოდე, ჩიტაძეზე გამომიძახესო, ანალიზებიც იქ აუღეს. მე თბილისში ვცხოვრობ, იქიდან გია ჩემთან მოვიდა სახლში და მითხრა, - პროცედურა უკანონოდ ჩაატარეს, მაგრამ რადგან უდანაშაულო ვარ, წინააღმდეგობა არ გამიწევიაო.
თუმცა ძალიან გაკვირვებული კი იყო. ისიც თქვა, ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, ეს ნარკოლოგიური შემოწმება იყოო, ანუ მოტყუებით გაუკეთეს ანალიზი. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მათ არაკანონიერი გზით მოიპოვეს დნმ, ოღონდ კი ეს საქმე გაეხსნათ.
ადვიკატ სოსო ჯოგლიძის შესახებ ნაცნობისგან შევიტყვეთ. მისი საშუალებით დავუკავშირდით ჯოგლიძეს და ისიც მაშინვე დაგვთანხმდა. მონაჭორია, რომ ირაკლი ფირცხალავამ აგვიყვანა ადვოკატი. სოსოს არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან.
გიას არანაირი შეხება არ ჰქონია ვაზაგაშვილთან. რატომ უნდა მოეკლა კაცი, რომელთანაც შუღლი, მტრობა, პირადი არაფერი ჰქონია.
19 იანვარს ყარაფილაში რომ იყო გია, ამას ნათესავიც ადასტურებს, მაგრამ 20-ში იმ ტერიტორიაზე არ ყოფილა. გია სამძიმარზე ჩავიდა, იმ ოჯახში ყოფილი პოლიციელები არიან და აქედან იცნობდა ამ ოჯახს.
რწმუნებულმა მარეხ ყამბეგაშვილმა რომ თქვა - გია სოსანაშვილი საერთოდ არ დადიოდა სამძიმრებზეო.. მარეხ ყამბეგაშვილი არის უწესო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რასაც მიმდებარე სოფლებში დაგიდასტურებენ.
მან ეს განცხადებები თავისი პიარისთვის გააკეთა. ეს ქალი "მაესტროს" გადამღებ ჯგუფს დაყვება კარდაკარ, რატომ, რა ინტერესი აქვს? საარჩევნო პერიოდი მოდის და როგორც ამბობენ, უნდა, კენჭი იყაროს. ქალბატონს აინტერესებს და კითხულობს, ვინ გადაუხადა ჯოგლიძეს ფული. ადვოკატის ფული ჩემი დანაზოგიდან გადავიხადე, ჩანთით დამაქვს ჩეკი, თუ დამჭირდა, გამოვიყენებ.
გიას ექიმის მიერ დანიშნული წამალი დაჰქონდა ჯიბით, ხშირი თავის ტკივილები ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ მივუტანე ციხის ექიმს დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტები. გიამ მითხრა, რომ ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, ციხის ექიმისგან მოვიდა მოთხოვნა, სამედიცინო დასკვნა წარგვედგინა.
ჩვენ გვყავს ინვალიდი მამა და ალბათ მას რომ არ ენერვიულა, გია არაფერს ამბობდა. მამამ ამ დღეებში გაიგო მისი ავადმყოფობის შესახებ. დიაგნოზში ბევრი დაავადება აქვს ჩამოთვლილი: ხერხემლის გამრუდება, პრობლემა აქვს ფილტვზე და თავში - მედიკოზური კისტა. გია ცოტა სიტყვაძუნწია, ამაზე არ ლაპარაკობდა და არავისთვის შეუცოდებია თავი. უბრალოდ, სვამდა წამალს.
დაახლოებით 15 წელია, რაც გია პოლიციაშია. არის აფხაზეთის და ცხინვალის ომის მონაწილე, ომის ვეტერანია. ჩემი ძმა "თეთრი არწივის" წევრი იყო, გია ყარყარაშვილთან ერთად იბრძოდა.
ჩემი ძმა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. ასე ცამოწმენდილზე რატომ უნდა აეფეთქებინა ადამიანი, რომელთანაც შეხება არ ჰქონია?“ - აცხადებს მკვლელობაში ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის და, ლია სოსანაშვილი.
„კვირის პალიტრა“