-
2015-02-18 18:03
ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ნეპოტიზმის პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში.
„ნათესაური პრობლემა საქართველოში სულ იქნება... ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის.
იგივე პრობლემები მეც მაქვს. მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს.
უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი. ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს.
მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის.
ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა. ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა.
დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა.
დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს.
თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა.
ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია... “, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„კვირის პალიტრა“