
ოზურგეთელ 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძეს მკვლელმა მაშინ ესროლა, როდესაც იგი მეზობლის ბავშვის პანაშვიდზე წასასვლელად სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოვიდა.
მსხვერპლს მკვლელმა სანადირო თოფიდან საკონტროლო ტყვიაც დაახალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ფეხშია დაჭრილი გარდაცვლილის მეუღლეც.
გარდაცვლი ორჯერ იყო ნასამართლევი და სასჯელაღსრულების სისტემა ორი წლის წინ დატოვა. ოზურგეთელები არ გამორიცხავენ, რომ შესძლოა მკვლელობა პირადი შურისძიება იყოს, რადგან მათი თქმით, ირაკლი კვაჭანტირაძეს ბევრი მომდურავი ჰყავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვაჭანტირაძე ის პირია, რომელსაც ადგილობრივი მედია „მანიაკის“სახელით მოიხსენიებდა.
„ცოლთან ერთად, სულ ხუთი წუთის გამოსული იყო სახლიდან, როდესაც ვიღაცამ სანადირო თოფიდან ესროლა.
ამბობენ, თვითონაც ბევრი ცუდი რამ ჰქონდა ჩადენილი და შური იძიესო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, - მკვლელი რომ მანქანებით გაძეძგილ ქუჩაზე ისე ისვრის, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდეს, მშვიდად როგორ უნდა გეძინოს?!
ჩვენს ქუჩაზე იმ დროს ბავშვი იყო გარდაცვლილი, - რაღაც გადაყლაპა და ვეღარ მოარჩინეს; გარშემო ამ უბედურებაზე მოსული ხალხის მანქანები იყო ჩამწკრივებული. მკვლელი ასეთ სიტუაციაში მოვიდა...
ჩვენს ქუჩას სასაფლაო ემიჯნება, იქ გაჩერდა და როცა ცოლ-ქმარმა გაიარა, სანადირო თოფიდან ატეხა სროლა, - ალბათ გარდაცვლილის სახლის წინ „კონტროლიორიც“ ჰყავდა დაყენებული და როცა სახლიდან გამოვიდა, იმან დაურეკა, - მოემზადე, მოდიანო!
ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელმა როგორც ჩანს იფიქრა, შემთხვევით ცოცხალი არ დარჩესო და საკონტროლო ტყვიაც დაახალა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა რობერტ მოისწრაფიშვილმა.
„გარდაცვლილზე ნამდვილად კარგს არაფერს ყვებოდნენ, იმასაც ამბობდნენ, „მანიაკიაო“.
ამ რამდენიმე წლის წინ სამი ადამიანი დაჭრა. დაჭერილიც იყო, ტყუილად ხომ არ დაიჭერდნენ; მაგრამ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ციხიდან გამოუშვა.
მშობლებსაც ცუდად ეპყრობოდა, - გამუდმებით ფულს სთხოვდა და რომ ვერ აძლევდნენ, რამდენჯერმე სახლიდან გამოყარა. არ ვიცი ეს ფული სად მიჰქონდა. ამის მიუხედავად მშობლებს მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ადამიანურ გზაზე დაგებოდა.
ფიქრობდნენ, ცოლი მოიყვანა და ადამიანურად დაიწყებს ცხოვრებასო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე საშინლად დასრულდა მაგისი სიცოცხლე. მისი მკვლელობა თუ მართლაც შურისძიებაა, ეს ცხადად აჩვენებს, რომ, როცა კანონი და სამართალი არ აგებინებს დამნაშავეს პასუხს, ასეთი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს…“ - განაცხადა ოზურგეთის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ: ”20 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ფანარს და ცივ იარაღს იყენებდა. "მოქმედებდა გვიან ღამით, ასევე შერჩეული ჰქონდა ნაკლებად დასახლებული და მივარდნილი ადგილები, რის შემდეგაც ბასრი საგნის გამოყენებით მსხვერპლს ესხმოდა და თავს და გულმკერდის არეში აყენებდა შემავალ ჭრილობებს.”
ასეთი მძიმე ბრალდების მქონე ირაკლი კვაჭანტირაძე სულ რაღაც 2 წელიწადში პატიმრობიდან...
„კვირის პალიტრა“