
„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სემეკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს გაზის შეყვანის საფასური უნახევრდებათ, რის შესახებაც მოსახლეობამ არ იცის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბრძანებით, ბუნებრივი აირის აბონენტებს გაზიფიკაცია 600 ლარის ნაცვლად ახლა 400 ლარი დაუჯდებათ.
„გასული წლის ნოემბერში სემეკმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ორიენტირებული იყო გაზის აბონენტების ინტერესების დაცვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ყაზტრანსგაზის“ მიერ გაზის გაყვანა თუ ფიზიკურ პირს ადრე 600 ლარი უჯდებოდა, ახლა 400 ლარი დაუჯდება და კიდევ, ამ ბრძანებაში დევს ასეთი მუხლიც: თუკი 30 სამუშაო დღის მანძილზე „ყაზტრანსგაზი“ ვერ მოახდენს გაზიფიკაციას, დაითვლება ჯარიმა, კომპანია 200 ლარით დაჯარიმდება და მოქალაქე გადაიხდის 200 ლარს“, - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, არიან აბონენტებიც, რომელთა ვალიც ,„ყაზტრანსგაზსს“ მართებთ, თუმცა ამის შესახებ მათ არ იციან.
„უმრავლესობა სემეკის ამ დადგენილებაზე ინფორმირებული არ არის. ამავდროულად, გეტყვით ამ დადგენილების მიღებით რა მოხდა: კომპანიას გაზის შეყვანის თხოვნით უამრავი ადამიანი მიაწყდა, რამაც „საცობი“ შექმნა.
ამის გამო, „ყაზტრანსგაზის“ ტექნიკური სამსახური გაზის გაყვანას ვეღარ ასწრებს და მოქალაქეებს 50 და მეტი დღით უწევთ რიგში დგომა. ამიტომ, აბონენტებს შეუძლიათ, კომპანიისგან შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვონ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
„ალია“