
დღეს, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 59 წელი შეუსრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით „ambebi.ge“ ყოფილი პრემიერის ერთ-ერთი კლასელის, თინათინ გამგებელის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლიც ბავშვობიდან გარკვეულ ეპიზოდებს იხსენებს:
„ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... “;
„მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა“;
„ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს...“;
„ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო“;
„როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო...“.
„ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა“;
„ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...“;