
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.
თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, როდიდან გახდება ტექდათვალიერება სავალდებულო, არ ვრცელდება.
ამის პარალელურად, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რა მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება სავალდებულო და როგორ უნდა მოემზადოს ამ პროცესისთვის ავტომფლობელი. იგივე პოზიციას იზიარებს თბილისის საკრებულოს წევრი, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე.
„ჩვენ არ ვიცით გარკვევით, 2015 წლის 1 მარტს ამოქმედდება თუ არ ამოქმედდება. თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, 2015 წლის 1 მარტიდან, ყველა ავტომობილი საქართველოში კანონგარეშედ გამოცხადდება.
ეს არის ფაქტი! ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ეს სიახლე 2015 წლის 1 მარტს ამოქმედდება თუ არა, არამედ იმაზე უნდა ვისაუბროთ და ვიდებატოთ იმაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რა თანმიმდევრობით, რა ვადაში, რომ ამ „იქს“ თარიღიდან, ყველა მომზადებული შევხვდეთ, რომ არც ერთი მანქანა არ აღმოჩნდეს კანონგარეშე.
მანქანები, თუნდაც ძველები, ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ უჭერდეს მუხრუჭი, უნდა მუშაობდეს სტოპსიგნალები, უნდა მუშაობდეს მაშუქი ელემენტები, უნდა მუშაობდეს მინის მწმენდი და გამონაბოლქვს შავი შლეიფი არ უნდა მოჰყვებოდეს.
ნამუსიც კარგი საქონელია და ამაზე არავინ არ უნდა იდავოს, მაგრამ რა დოზით, რა მანქანებისთვის, რომელი წლიდან, რა ვადით, რა სტანდარტით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, აი, ეს არის იმ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელზეც პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ეს იწვევს საზოგადოებაში გაურკვევლობას და ბადებს ძალიან არაჯანსაღ მითქმა-მოთქმას“, - აცხადებს შალვა ოგბაიძე.
„ალიასთან“ საუბარში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დავით ღონღაძე აცხადებს, რომ ტექდათვალიერების საკითხი 2017 წლისთვის გადაიდო.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე, აქედან გამომდინარე, ამ წუთისთვის რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება. სამუშაო პროცესი მიდის“, - აღნიშნა მან.