
10 იანვარს თბილისში დაფუძნდება ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კოალიცია სლოგანით: „აბა, ჰე, აბა, ჰო!“, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, იქნება „გაბრაზებული მოქალაქე“.
მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს იქნება გაერთიანება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
„საზოგადოება უკვე დამუხტულია, ეს მუხტი საზოგადოებამ უნდა გამოუშვას.
უარყოფით ენერგიას უნდა განეიტრალება, რათა არ მივიღოთ დიდი უარყოფითი შედეგები. ამ ორი წლის თავზე „ოცნება“ ძალიან დაბნეულია, „ოცნება“ ჰქვია ძალიან ბევრ რაღაცას, ამ სახელწოდების ქვეშ ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა და უამრავი ადამიანი როგორც უნდა, ისე სარგებლობს, მაგრამ ბოლოს ჯოხი მაინც ბიძინა ივანიშვილზე ტყდება.
ესე იგი, ბიძინა არის გუნდის მწვრთნელი, ასევე მოთამაშე-მწვრთნელი და მოთამაშეც. მოკლედ, გარედან ჩანს ასე. არ შეიძლება, ყველაფერი დავაბრალოთ ერთ ადამიანს, როცა ვხედავთ, რომ სხვა არც ერთი ინიციატივა არ სრულდება. ამათ ან ეშინიათ, ან პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით, ან განათლება არ ჰყოფნით, ან სული არ ჰყოფნით.
ხან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილისაც ეშინიათ. ფაქტი ერთია, ჩინოვნიკები ყველაფერს შეგუებულები არიან, სხედან გემრიელად, ფულს იღებენ და არაფერი არ აღელვებთ. ეს არის სრული სტაგნაცია ქვეყნისთვის, ანუ ისეთი არაფერი ხდება, რაც წინ წასწევს ქვეყანას.
როგორ შეიძლება, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული, რომელიც გათვალისწინებული იყო პროექტებისთვის, უკან დაბრუნდეს? გეუბნები, მე ასეთი რამე არ გამიგია, რაა. რაღაც ადგილებში ხდება ანომალიური მოვლენები.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მე მაგათ მხარეზე ვარ და მინდა, საზოგადოება შეგროვდეს, ერთ მუშტად შეიკრას და დაანახოს, რაშია სუსტი ხელისუფლება, ვინ არის ამაში დამნაშავე?
როდესაც ჩვენ შევიკრიბებით, ყველა ვარიანტში ვიქნებით მართლები, თუ ამ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს უნდა, რომ ერთად ვიაროთ, მაშინ მოგვისმინოს. თუ არ უნდა, ჩვენ მაინც ასე ვივლით, არ დავთმობთ არაფერს“, - აცხადებს კორკოტაშვილი.
მისი თქმით, საკუთარი ალტერნატიული მოძრაობით ყველას არ შეეხებიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ზღვარს გადადიან.
„აუტანელია მათი გაუნათლებლობა, მეშჩანობა და ასე შემდეგ. ამათ დღეს კაციშვილი არ უთითებს, ჩვენ უნდა მივუთითოთ. გია კორკოტაშვილი არავის არ მიუთითებს, იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ. ეს არ იქნება „იაზვური“ გამოხტომები, მივუთითებთ კეთილგანწყობით“, - აცხადებს კორკოტაშვილი და დასძენს, რომ თუ ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, ცხვირში მოხვდება ყველას.