-
2014-05-31 14:47
არავითარი ბანკეტი, არავითარი ზღვარგადასული მხიარულება. მხოლოდ წარწერები სასკოლო ფორმებზე, სევდიანი მოგონებები და ცრემლები თვალებზე. ისინი ბესლანელები არიან. ისინი, ვინც 2004 წელს პირველ კლასში იყვნენ და სიკვდილს გადარჩნენ.
ისინი, ვინც შიშით შეჰყურებდნენ კბილებამდე შეიარაღებულ ტერორისტებს სკოლის სპორტდარბაზში. ისინი, ვისაც პირი უშრებოდათ. ისინი, ვის გადასარჩენადაც (!) თითქოს დაიწყეს შტურმი რუსმა სპეცრაზმელებმა. სინამდვილეში კი მათ ტერორისტების სასტიკი სახის ჩვენება სურდათ - წარმოდგენის შექმნა - "რომ არა რუსები..."
ბესლანში შტურმი სრულიად მოულოდნელად დაიწყო. მას ბევრი ძალოვანიც არ ელოდა. არ ელოდნენ არც ტერორისტები, ბავშვები კი, უბრალოდ, თვალებზე იფარებდნენ ხელს და ყურებს იცობდნენ - მათ წყუროდათ და ჰაერი არ ჰყოფნიდათ.
იმ საშინელ 1 სექტემბერს სულ 186 მოსწავლე გარდაიცვალა. მათგან უმრავლესობა პირველკლასელი იყო - ისინი, ვისაც სკოლა წელს უნდა დაემთავრებინა. მათ საფლავებზე უკვე მოწიფულმა კლასელებმა ყვავილები მიიტანეს. ისინი თავიანთ კლასელებთან მივიდნენ, მაგრამ სხვაობა თვალშისაცემი იყო: საფლავის ქვებიდან 6-7 წლის ბავშვები იღიმოდნენ, საფლავებთან კი 15 წლის გოგო-ბიჭები იცრემლებოდნენ...