
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო მოქალაქე ირინა ასათიანის საჩივარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის პაატა იაკობაშვილისა და გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტის, ჟანა ასანიძის წინააღმდეგ.
ინფორმაციას „მედია.ჯი“ ავრცელებს და დასძენს, რომ იაკობაშვილის სიუჟეტი - ე.წ. კანონიერ ქურდებზე გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში 2013 წლის 22 დეკემბერს გავიდა, პროფესიით ჟურნალისტი ჟანა ასანიძე კი მისი რესპონდენტი იყო.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მომზადებული სიუჟეტი არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპს და ლახავს მისი ქმრის, პატიმრ ტარიელ ფოცხვერიას პირად და სამოქალაქო უფლებებს. მოსარჩელის უფლებებს იურისტი ლია მუხაშავრია იცავს.
ის განცხადებაში, რომელიც 17 თებერვლით თარიღდება, აღნიშნავს, რომ სიუჟეტში მონაცემები განზრახ გაყალბებულია, რითაც ჟურნალისტი ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი განწყობა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ტარიელ ფოცხვერაშვილზე. საქმის განხილვა ქარტიაში ჯერ ჩანიშნული არ არის.
Media.Ge-მ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტ ზვიად კუკავასთან და "კურიერი P.S."-ის პროდიუსერ ეკა სარიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.