
24 კვირის ორსულის მიერ გაჩენილი ბავშვი ბრიტანელმა ექიმებმა გადაარჩინეს. დიდ ბრიტანეთში 24 კვირის ორსულობა ორსულობის ის ზედა ზღვარია, რომელზეც ჯერ კიდევ დასაშვებია ლეგალური აბორტის გაკეთება.
ამ დროს ჯერ კიდევ მიიჩნევა, რომ ჩანასახი ბოლომდე ფორმირებული არ არის. ბრიტანელმა ექიმებმა სწორედ ამ პერიოდის ორსულის მშობიარობა მიიღეს.
ემილი გრეისმა, რომელიც ახლა სამი თვისაა, ყველა უიმედო პროგნოზს ცივი წყალი გადაასხა. მარტში, როცა მის შესახებ ინტერნეტში ბოლო ინფორმაცია გავრცელდა, ის 500 გრ.-ს იწონიდა, სამ კვირაზე ოდნავ მეტისა იყო და ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფებოდა.
დაბადებისას ემილი იმდენად პატარა იყო, რომ ექიმის ხელისგულზე დაეტია. ბავშვის დედა, 34 წლის კლერი იხსენებს, რომ საშინელი განცდა დაეუფლა, როცა თებერვლის ბოლოს მუცლის ტკივილი დაეწყო - მას ხომ მშობიარობა ჯერ არ უწევდა.
სასწრაფო დახმარების მანქანამ ის შოტლანდიის ერთერთ კლინიკაში მიიყვანა და ექიმებს სხვა არაფერი დარჩენოდათ იმის გარდა, რომ მშობიარობა მიეღოთ.
კლერი ამბობს: „როცა ის პირველად დავინახე, საშინელმა განცდამ მომიცვა - ეს იყო უმწობის განცდა, თითქოს სადღაც, კოშმარულ სიზმარში ვიმყოფებოდი. ემილი მაშინვე წაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს, თუმცა სამი დღის შემდეგ მან დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა“
დედა მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ ჯერჯერობით არ შეეძლო შვილის გულში ჩაკვრა: „ქმართან ერთად მასთან ცოტა ხნის წინ შეგვიშვეს“, - ამბობდა ბავშვის დედა მარტში, - „მე სევეხე მის საყვარელ თითებს, ჩავხედე თვალებში და ავტირდი - ძალიან მინდა, რომ ის კარგად იყოს“.
დღეს ემილი უკვე კარგადაა - მისი დაბადების ისტორია კი კლინიკის ყველაზე თვალნათელ მიღწევებში სრულიად საფუძვლიანად მოხვდა და მას უფრო მეტადაც გაუთქვა სახელი.