-
2014-03-23 21:13
გაზეთი „ბათუმელები“ აქვეყნებს ინტერვიუს ანა შიოლაშვილთან. ის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შვილია. იგი 9 წლის განმავლობაში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა.
ერთ დღესაც, როცა ანა გამოცდისთვის ემზადებოდა, მამამ დაურეკა და უთხრა, რომ სექტემბრიდან ლონდონში გააგრძელებდა სწავლას.
ანა შიოლაშვილი „ბათუმელებთან“საუბარში დიდ ბრიტანეთში ცხოვრების პერიპეტიებს იხსენებს და გაზეთს უყვება, როგორია მისი ერთი, ჩვეულებრივი დღე:
„...რაც შეეხება ხალხს, ისინი ძალიან კონსერვატიულები არიან. ხშირად იცინიან, თუმცა რთულია მათთან კონტაქტში შესვლა. აქვთ ერთი უდიდესი პლუსი, ქართველებისგან განსხვავებით, უდიდეს პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებსა და კულტურას.
სწავლას განვაგრძობ ქალაქ კენტში, რომელიც საათნახევრის სავალზეა ლონდონიდან. ეს არის ინტერნაციონალური სკოლა, რომელსაც აქვს თავისი საერთო საცხოვრებელი.
მანამდე ქალაქ სიფორდის ნიულენდსის სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა ჩემთვის არ იყო შესაფერისი. მე მჭირდებოდა უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი სკოლა, რასაც ისინი "A დონეს" ეძახიან.
დილით, როცა ვიღვიძებთ, ჯერ კიდევ ღამეა. მერე ვემზადებით და 8-ზე ვსაუზმობთ. 9-ზე გვეწყება სკოლა. სკოლაში ყოველი მეორე გაკვეთილის შემდეგ 30-წუთიანი შესვენებაა. სკოლა 5 საათზე მთავრდება, შემდეგ ერთი საათი ე.წ. "ფანჯარა" გვაქვს. ამ დროს ან სპორტჰოლში მივდივართ ან ფილმს ვუყურებთ. მერე სადილი გვაქვს, თან წიგნებიც უნდა წავიღოთ, ბიბლიოთეკაში მივდივართ და ვმეცადინეობთ. 10 საათზე ვიძინებთ. შაბათ-კვირას ლონდონსა და ლონდონის შემოგარენში ვსეირნობთ“, - ჰყვება ანა შიოლაშვილი.