
ბიძინა ივანიშვილმა ჯგუფ "ქართუს" მმართველი მენეჯმენტი სრულად დაითხოვა და კომპანიის ფინანსური შემოწმება დაიწყო. "ქართუში" ფინანსური პოლიცია შევიდა და არაა გამორიცხული ხმაურიანი დაკავებებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟრნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს.
საკუთარ წყაროზე დაყრდნობით "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რისხვა სოფელ შეკვეთილში მისმა ექსკურსიამ გამოიწვია, რა დროსაც რამდენიმე გაჭრილი საძირკველი და აშენებული სახლი უპოვია:
"ჩემი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება. ივანიშვილის მოთხოვნით, "ქართუში" ფინანსური პოლიცია შევიდა და მისივე კომპანიებში სწავლობს გაფლანგვას ხომ არა აქვს ადგილი. წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის გარშემო მოწყობილი ექსკურსიაა, რომლის დროსაც მას აღმოუჩენია შეკვეთილში უცხო სახლი, რომელიც მის ძმას, ადიკოს მეგობრისთვის აუშენებია.
ამ სახლის გარდა, აღმოჩენილია რამდენიმე საძირკველჩაყრილი მშენებლობა, რომელიც ჩემი ინფორმაციით კარლო ლეკვეიშვილს და "ქართუდან" გაშვებულ სხვა პირებს ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ხარჯზე წამოუწყიათ. სწორედ ამას მოჰყვა პრემიერის რისხვა და"ქართუში" ფინანსური პოლიციის გამოძახება. თუ შემოწმებისას ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა, არაა გამორიცხული რამდენიმე პირი დაიჭირონ კიდეც," - აცხადებს ელისო კილაძე.