ჟურნალისტმა ლია ტოკლიკიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისში მცხოვრები, ყველასთვის კარგად ცნობილ ქართველ ებრაელთან მიხეილ ჯანაშვილთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ლია ტოკლიკიშვილის მიერ მოთხრობილ ეპიზოდს და მიხეილ ჯანაშვილის, იგივე „ჩაშკას“ ისტორიას, რომელიც მან „კვირის პალიტრას“ უამბო (ფოტო „კვირის პალიტრისაა“):
ლია ტოკლიკიშვილი:
„დღეს ერთ ჩვეულებრივ "მარშრუტკაში" ნამდვილი და დიდი ლიტერატურული ეპიზოდის მოწმე და მონაწილე გავხდი.
რომ ავედი, ამბავი უკვე დაწყებული იყო. მოხუცი კაცი ხვნეშით ჯდებოდა მძღოლის საპირისპირო რიგის მესამე სკამზე, აი, იმ რიგში, სკამები თითო-თითო რომ არის. გოგო იდგა სკამთან, ასე - 17-ოდე წლის. ალბათ ადგილი დაუთმო - მერე მივხვდი, როცა ამ წყვილის ტკბილი ურთიერთობის ხმები შემომესმა.
მოხუცი ცახცახა ხელით დიდხანს ეძებს ჯიბეში რაღაცას და თან გოგოს ეუბნება, რომ კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ბარაქალა მის მშობლებს. დიდი ხნის ფათურის შემდეგ ჯიბიდან იღებს ძალიან ლამაზ და ჭრელ საფულეს. ქალის საფულეს ჰგავს და მეცინება.
მე - ახლად ამოსული ვარ და იქვე ვდგავარ. მოხუცის სკამის ოდნავ უკან. ხელები ისე უცახცახებს და ისე მონდომებულია, მალე გახსნას საფულე, რომ ლამის ვუთხრა, მოგეხმარებით-მეთქი. მაგრამ არ ვეუბნები, რადგან ხსნის და ისეთ რამეს აკეთებს, ენა მუცელში მივარდება.
საფულედან იღებს ბეჭედს. ახლოს ვარ და ვხედავ, რა ლამაზი ბეჭედია - ბიჟუტერიაა, მაგრამ გემოვნებით გაკეთებული, პატარა და ბრჭყვიალა თვლები აქვს. კაცი გოგოს ეუბნება, აი, ეს ბეჭედი შენ გქონდეს და სულ დაიმახსოვრე, რომ ძალიან კარგი ბავშვი ხარ. მე ძველი აფთიაქარი ვარ, ებრაელი კაცი ვარ, „ჩაშკას“ მეძახიან. სახლში ჰკითხე უფროსებს, შეიძლება გაუგიათ.
- მე გამიგია თქვენი სახელი! - ისე ხმამაღლა ვამბობ, რომ „ჩაშკასკენ“ მიპყრობილ თვალებს ყველა ჩემკენ ატრიალებს, მე კი ვიცი, რომ ახლა ვეღარ გავჩერდები იმდენს ვილაპარაკებ,
- თქვენ წამლებს ყიდდით საბჭოთა პერიოდში, არა? როცა წამლები არ იშოვებოდა აქ. რამდენი მომაკვდავის პატრონი გაკითხავდათ სახლში, ეგეც ვიცი. ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც ჰყავხართ ნახსენები რომელიღაც მწერალს, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ, ბევრი ადამიანი რომ გადაგირჩენიათ მაშინ თქვენი წამლებით, ეგეც ვიცი... მამასისხლად ღირებული წამალი გაჭირვებულისთვის ისე რომ მიგიციათ, ეგაც გამიგია..
ჩაშკას თვალები არასროს აღარ დამავიწყდება. ძალიან სველი თვალები ჰქონდა: - „გაგიგია, არა, შვილო?“
ისე მომინდა, რაღაც კეთილი მეთქვა ამ ბებერი და ერთ დროს ძალიან საჭირო ებრაელისთვის, რომ ლამის მოვიგონე რამე ისტორია ჩემი ოჯახისა და ჩაშკას მონაწილეობით. მაგრამ მომერიდა ტყუილის თქმის.
ბოლოს რა თქვა, იცით, სანამ ჩავიდოდი?
- ბევრი სიკეთე გამიკეთებია თბილისში. მაგრამ ქართველებს უფრო მეტი აქვთ ჩემთვის დაბრუნებული. დიდი ხნით ვიყავი წასული აქედან, მაგრამ ჩამოვედი. აქ მინდა ვიყო ბოლომდე.
დავემშვიდობე და წავედი. არა, ჩავედი“.
ცოტა რამ „ჩაშკას“ შესახებ:
მიხეილ ჯანაშვილი, იგივე „ჩაშკა“ ედუარდ შევარდნაძის მმართველოსბის დროს დააპატიმრეს და 6 წელი ციხეში გაატარა. როგორც 2010 წელს „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, შევარდნაძემ იმისთვის დააპატიმრა, რომ საბჭოთა დროს „მერსედესი“ იყიდა.
მის აფთიაქს, რომელსაც „ჩაშკა“ ჰქვია და თბილისში, სინაგოგის გვერდით მდებარეობს, მუდმივმოქმედი ლიცენზია აქვს. თავისი კავშირების წყალობით, „ჩაშკა“ დღესაც ახერხებს დეფიციტური წამლების შოვნას. მეუღლე ორწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა, მანამდე მისი ქალიშვილიც დაპატიმრებული იყო. მიხეილ ჯანაშვილი წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისევ დაბრუნდა.
„საერთოდ, ჩემთან მოსულ გაჭირვებულ კაცს უწამლოდ არასოდეს ვუშვებდი. ვინმეს ფული თუ არ ჰქონდა, საჭირო პრეპარატს ნისიად ვატანდი. ერთხელ ავადმყოფის პატრონი სასწრაფოდ ჩემი ფულით გადავაფრინე ქუთაისში და ისე გავატანე წამალი.
ასეთი შემთხვევაც მახსოვს, ერთი კაცი მოვიდა, რომლის შვილს ეპილეფსია სჭირდა. უშოვარი პრეპარატი მთხოვა, რომელიც არ მქონდა და ვერ დავეხმარე. ის კაცი წავიდა, საჭირო წამალი კი სულ რამდენიმე წუთში მომიტანეს. რა მექნა, ჩავჯექი ჩემს ავტომობილში და დავედევნე დაძრულ მატარებელს, რომლითაც ავადმყოფი ბავშვის მშობელი მიემგზავრებოდა, მცხეთასთან დავეწიე...“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ (2010 წელს) „ჩაშკა“.
ლია ტოკლიკიშვილი არაა პირველი, ვინც „ჩაშკა“ სოციალურ ქსელში გაიხსენა. ასე მაგალითად, „ფეისბუქის“ გვერდზე „თბილისი იყო ურთიერთობა“ ასეთ ისტორიასაც წაიკითხავთ:
„ჩემს მეგობარს ბებია ჰყავდა ანტი ფრონცკი, ერთხელ ცუდად გახდა და გაგვაგზავნა ჩაშკასთან წამალი მომიტანეთო. (აღარ მახსოვს წამლის სახელი), ერთი ის მახსოვს, ისრაელიდან იყო ჩამოტანილი;
მოკლედ მივედით მე და ჩემი მეგობარი ჩაშკასთან. შეგვიპატიჟა სახლში, ყავით გაგვიმასპინძლდა, წამალი მოგვცა და აგვიხსნა თუ როგორ უნდა მიეღო ბებიას ეს წამალი, ფული გადავუხადეთ და სადარბაზოში რომ გვემშვიდობებოდა, კიბეებიდან ვიღაც შავ პალტოში ჩაცმული გამხდარი თხელი კაცი ამოვიდა და ჩვენს უკან გაჩერდა.
ჩაშკა მიესალმა როგორ ხარო, ამ კაცმა - ვალი მოგიტანეო და ჩაშკას ფული გაუწოდა, გამოართვა და შეეკითხა - ხო, მართლა ბავშვი როგორ არისო? უცნობმა, ბავშვი დამეღუპაო... ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა და უხერხულობა, თავი საფლავში გვეგონა მე და ჩემს ძმაკაცს...
ჩაშკამ უცნობისკენ გაიწია და ფული პალტოს ჯიბეში ჩაუცურა. უცნობმა ფულის უკან ამოღება დააპირა, ჩაშკამ ხელი დაუჭირა და უთხრა, მე მაგ ფულს სახლში არ შევიტანო!!!“.