
ერევანში დაიწყო მრავალათასიანი სახალხო გამოსვლები ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ. რას აპროტესტებენ სომხეთში, რა არის ევრაზიული კავშირი და რატომაა ის მიუღებელი ყველა ნორმალური ადამიანისთვის, როგორც ერევანში ასევე საქართველოში ?
ევრაზიული კავშირის იდეა ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტს პუტინს და პირველად ის 2010 წელს გახმოვანდა. ამ კავშირის შექმნა არის ერთი მხრივ, რუსეთის მცდელობა შეინარჩუნოს გავლენა პოსტსაბჭოურ სივრცეში და მეორე მხრივ, ევროკავშირის იდეის კოპირების უხეში და პრიმიტიული მცდელობა.
ევრაზიულ კავშირზე ჩვენს საზოგადოებას ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ხალხის უმრავლესობას ჰგონია, რომ ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა მეზობლებთან. ეს ასე არ არის. თუ თქვენ წაიკითხავთ ევრაზიული კავშირის საწესდებო დოკუმენტს, დაინახავთ, რომ ეკონომიკურის გარდა, იქ საუბარია პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე. ჩვენ, „რეფორმატორთა კლუბი“, ვთვლით, რომ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირება ევრაზიული კავშირისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც ამ გაერთიანებაში შესვლამ შეიძლება მოგვიტანოს.
ევრაზიული კავშირი გულისხმობს:
წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კუხო-ს (ОДКБ) ბაზაზე, ერთიანი სამხედრო და პოლიციური ძალების შექმნას შიდა კონფლიქტების მოსაწესრიგებლად. დოკუმენტებში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ევრაზიის კავშირის თავდაცვის ცენტრი არის მოსკოვი. ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენმა ხალხმა რეფერენდუმზე ცალსახად დააფიქსირა აზრი და თქვა, რომ საქართველოს მომავალი არის ნატო;
ზესახელმწიფოებრივი ორგანოების შექმნას - ერთიან პარლამენტს და ერთიან აღმასრულებელ ხელისუფლებას;
2022 წლისათვის ერთიან ვალუტას;
საგარეო პოლიტიკის რუსეთთან კოორდინაციას;
ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას;
ერთიან საბანკო სივრცეს;
ერთიან საბაჟო და ეკონომიკურ სივრცეს.
ყოველივე ეს წერია ევრაზიული კავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში.
ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას: ევრაზიული კავშირი გულისხმობს ეკონომიკურ პრეფერენციებს წევრი ქვეყნებისათვის. რას ნიშნავს ეს მაგალითად საქართველოსთვის? ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მთლიანად აითვისებს ქართულ ბაზარს. ევროპულ, თურქულ, ჩინურ პროდუქციას შეექმნება ბარიერები და ჩვენ, მაგალითად, მოგვიწევს რუსული მანქანებით სიარული, რადგან გაზრდილი საბაჟო გადასახადების გამო ევროპული, იაპონური და ამერიკული მანქანები ეღირება 2-3-ჯერ მეტი (რუსეთის ახლანდელ ბაზარს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ ეს რეალობაა და არა პროგნოზი).
ჩვენ მოგვიწევს რუსული პროდუქტების ყიდვა არა იმიტომ, რომ ის უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი ბევრად ძვირი იქნება. ჩვენი პროდუქციისთვის ჩაიკეტება ევროპული და ამერიკული ბაზარი, რადგან მისი ფასი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი.
ევრაზიული კავშირის სიმბოლური დატვირთვაც ძალიან საინტერესოა. საკმარისია, ნახოთ კავშირის დროშის პროექტი - იასამნისფერი (წითლის ნაცვლად) და მარცხენა კუთხეში მრავალ წვერიანი (ხუთწვერიანის ნაცვლად) ვარსკვლავი - და მიხვდებით, თუ სად მიგვიყვანს ჩვენი ევრაზიულ კავშირში წევრობა."
დიმიტრი შაშკინი