
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო საათებში დაიწყო რუსეთის უკრაინაში შემოჭრის ბევრად უფრო სახიფათო და ფართომაშტაბიანი ახალი ეტაპი.
მე ბოლო რამდენიმე საათი გავატარე უკრაინელ ლიდერებთან და დონბასის გუბერნატორთან, ვუზიარებდი იმ გამოცდილებას, რომელიც სამწუხაროდ დააგროვა საქართველომ რუსეთთან.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი დადგა არჩევნის წინაშე და პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და მის ხელისუფლებაში, რომ რუსეთის განეიტრალება შეიძლება პირფერობით, ვირეშმაკობით და უბრალოდ დაწოლით, მას საერთოდ ვერაფერი უსწავლია ვერც 90–იანი წლების საქართველოს გამოცდილებისგან და საერთოდ ვერ გაუგია ვინაა ვლადიმერ პუტინი და რუსული იმპერია.
ეს არის ასევე ჩვენი ბრძოლა და მე დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა. მისი მარცხი, ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება! ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება! ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი! ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა! ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა!
ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს და ერთად დავდგეთ მშვიდობის, სამართლიანობის და ჩვენი მომავლის მხარეს!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.