
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე 2006 წელს საუბრობს ხელისუფლების ვერტიკალში უფლებებისა და გავლენის გადანაწილებაზე, ხოლო 2009 წელს, როცა ამ თემას ისევ უბრუნდება, მისი სიტყვების შინაარსი სრულიად განსხვავებულია 2006 წელთან შედარებით.
ნინო ბურჯანაძე (2006 წ):
"ვიღაცებს სურთ ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არის უუფლებო ან უმკაცრესად შეზღუდული უფლებებით, მე არავინ არაფერს მეკითხება და მხოლოდ სხვისი ნების აღმასრულებელი ვარ, თანაც უსიტყვოდ.
მე არა ვარ ისეთი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი, რომ ასეთი რამე ვინმემ მაკადროს და თუ მაკადრეს, სათანადო პასუხსაც მიიღებენ. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ – ვგულისხმობ პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, სამთავრობო გუნდს და ცხადია, ერთმანეთს ვუწევთ ანგარიშს, ისევ საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე.
ცხადია, არის კომპრომისები, ოღონდ ორმხრივი და არა ცალმხრივი, როგორც ეს ვიღაც-ვიღაცებს სურთ წარმოაჩინონ ჩემს სისუსტედ და, საერთოდ, შექმნან ამის საფუძველზე მითი, ბურჯანაძის პარლამენტის უუფლებო თავმჯდომარეობაზე.
ვიმეორებ, მე არანაირ პოლიტიკურ დისკომფორტს არ განვიცდი და პრეზიდენტის გუნდში არის ჰარმონია".
ნინო ბურჯანაძე (2009 წ.):
"მე მქონდა რეალურად ძალიან შეზღუდული უფლებები, ვერ ვახერხებდი სრულად მომეხდინა რეალიზაცია იმ უფლებამოსილებისა, რასაც ქვეყნის მეორე პირს კონსტიტუცია ანიჭებს.
იყო ხალხი, რომელთაც, უბრალოდ, ვერ მოვერიე, თუმცა, ყველა იმ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებისას, რომელთაც მერე ძირი გამოუთხარეს ამ ხელისუფლებას და ხალხის აღშფოთებას იწვევდა, ვეწინააღმდეგებოდი.
რაც შემეძლო იმას ვაკეთებდი, ყოფილა შემთხვევა, პრეზიდენტთან შევთანხმებულვარ კონკრეტული საკითხის თაობაზე, მიგვიღია გადაწყვეტილება, მერე კი ეს გადაწყვეტილება შეუცვლია პრეზიდენტს და გაუკეთებია იმის საპირისპირო, რაზეც შევთანხმებულვართ...
მე იქ მქონდა დისკომფორტი და ყოველდღე რაღაც წინააღმდეგობების დაძლევის მცდელობა, რასაც ხან ვახერხებდი, ხან ვერა...".