1956 წლის 9 მარტი პროფესორ დოდონა კიზირიას მოგონებებში

Image

პროფესორმა დოდონა კიზირიამ 1956 წლის 9 მარტი და მასთან დაკავშირებული ეპიზოდები გაიხსენა - ის, რაც მას თავად ახსოვს და რისი თვითმხილველიც თავად გახდა. დოდონა კიზირიამ მოგონება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ დოდონა კიზირიას მოგონებას.

 

9 მარტი (ნაწილი პირველი)

 

დღეს მინდა გიამბოთ ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩემი ცხოვრების წყალგამყოფი გახდა. მან სრულიად შეცვალა ფასეულობათა ის სისტემა, რომელიც ჩემთვის თავისებური ინვარიანტული საფუძველი იყო და რომელზედაც მანამდე მხოლოდ მცირეოდენი, ასაკობრივი ზრდით გამოწვეული ვარიაციები ხდებოდა. ამ ეპიზოდში იუმორის ნატამალიც არ იქნება და ამიტომ ვისაც ტრაგედიები არ გიყვართ, ნუ წაიკითხავთ.

 

მე რამდენიმე სკოლა მაქვს გამოვლილი - ვსწავლობდი თბილისში, სოხუმში, პატარა ცემში და ბოლოს, როცა გოგონების და ვაჟთა სკოლები გააერთიანეს, 1953 წლის სექტემბერში თბილისის 31-ე სკოლის (ყოფილი მე-20 ვაჟთა) ეზოში შევდგი ფეხი. ჩვენი ბინა ამ სკოლის წინ იყო, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ასე რომ სახლიდან სკოლაში მისასვლელად წუთნახევარი მჭირდებოდა. ამ ქუჩაზე ჩვენგან სულ ათიოდე მეტრში მეორე სკოლაც იყო, 30-ე, ადრე მე-19 ვაჟთა.

 

ითველბოდა, რომ იმ სკოლაში მეტწილად პარტიული ელიტის შვილები სწავლობდნენ, ჩვენთან კი სვანეთის და ჩუღურეთის უბნელი პროლეტარიატი. ალბათ ამიტომ ჩვენი ბიჭები მეცხრამეტე სკოლელებს „სირისტიანებს“ ეძახდნენ. ეს ჟარგონული სიტყვა ეტიმოლოგიურად რუსული сырость-იდან იყო წარმოებული, ანუ ნესტიანი, ნესტშემდგარი. საინტერესოა, დღევანდელი ქალაქური ჟარგონი, „სირი“ ჩვენი დროის „სირისტიანის“ ნარჩენი ხომ არ არის. მე რატომღაც ასე მგონია.

 

1956 ივნისში დავამთავრე სასკოლო პროგრამის უკანასკნელი, მეთერთმეტე წელი. როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას წარმოვიდგენ არა როგორ წელთა რიგს, არამედ როგორ სივრცეს, წარსულიდან აწმყომდე მომავალ გზას, იგი რამდენიმე ღრმა, ძალიან ღრმა ნაპრალით არის დასერილი.

 

ამ ნაპრალებზე ბეწვის ხიდით ვარ გადმოსული და ზოგჯერ მართლა სასწაულით გადარჩენილი, ან ფსიქიურად, ან ფიზიკურად. სულ პირველი ნაპრალი სწორედ იმ წელს გადმოვლახე, რამაც თითქმის გეოლოგიურო მასშტაბის ნგრევა-გადატრიალება მოახდინა ჩემში. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა ჩემი თაობის ადამიანშიც, ვინც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა. 


ეს გახლდათ სტალინის გარდაცვალების მესამე წელი. თებერვალის მიწურული იდგა და, როგორ წინა ორი წლის განმავლობაში, ფული უნდა შეგვეგროვებინა, რომ ყვავილების გვირგვინი გვეყიდა და 5 მარტს სტალინის ძეგლთან მიგვეტანა. დღევანდელმა ახალგაზრდა თბილისელებმა ალბათ არ იციან, რომ ეს უზარმაზარი ძეგლი მშრალი ხიდის ზემოთა მხარეს მდებარე პარკში იდგა და პლეხანოველი (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი) გოგო-ბიჭების პაემნის ადგილიც იყო.

 

გვირგვინის მიტანა იდეოლოგიურად მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენდა და მის ორგანიზაციას ჩვენი კლასის მეთაური და წარჩინებული მოსწავლე, იური ტ. უძღვებოდა. უაღრესად გულწრფელი, მიამიტად მგზნებარე კომკავშირელი, ყველასათვის საყვარელი იური თითქმის ორი კვირით ადრე იწყებდა გაფრთხილებას, ფული არ დაგავიწყდეთო. ყველას მოჰქონდა, რამდენიც შეეძლო ერთი მანეთის ფარგლებში და მერე იწყებოდა დავა, ვის უნდა ეყიდა გვირგვინი და ვის უნდა წაეღო იგი სტალინის ძეგლთან.

 

ყველა ცდილობდა ამ დავალებისგან თავი დაეღწია და ათასნაირ მიზეზს იგონებდა, რომ არჩევანი მასზე არ შეჩერებულიყო. ზოგს ბებია ჰყავდა ავად და მისთვის უნდა მოევლო, ზოგს პატარა ძმა ან და უნდა წაეყვანა საბავშვო ბაღში, უნდა წასულიყო დეიდაშვილის ქორწილში და სხვა ამგვარი.


მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი, უფრო მეტიც, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. თებერვილის 26-ში თუ 27-ში, გაკვეთილის დაწყების წინ საკლასო ოთახში შემოვიდნენ ჩვენი დამრიგებელი, ჩვენი უსაყვარლესი ფიზიკის მასწავლებელი, მარო მ. და დირქტორის მოადგილე, ორივე დაზაფრული სახით. იგრძნობოდა რაღაც უჩვეულო და ყველა წამში გაისუსა.

 

მართლაც ჩვენმა ყურებმა გაიგონა სიტყვები, რომელიც მსოფლიო კატასტროფის ტოლფასი იყო - არავითარი გვირგვინი და არავითარი სტალინის ძეგლთან ყვავილების მიტანა. ოფიციალურად გვეკრძალებოდა იქ მისვლაც კი. გამიჭირდება ჩვენი რეაქციის აღწერა. ეს იყო ცის ჩამონგრევა, ვეზუვის ამოფრქვევა, ბიბლიური წარღვნა...

 

ჯერ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დირექტორის მოადგილის გასვლისთანავე, ყველა აჩოჩქოლდა - რატო, მასწ? რატო არ უნდა წავიღოთ, მასწ? მაინც რომ წავიდეთ, მასწ? როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილი, რის განმავლობაში იყო ერთი გადაჩურჩულ-გადმოჩურჩულება, რვეულის ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი და კენჭისხელად ჩაჭმუჭნული წერილების მერხიდან მერხზე გადაფრენა. რა აგვიხსნეს იმ გაკვეთილზე, არავის გაუგია. შესვენაბაზე ატყდა აურზაური და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სწორედ მაშინ სთქვა ვიღაცამ, მოსკოვში ყრილობაზე მგონი რაღაც მოხდაო. 


ეს რაღაც სულ მალე გახდა ცნობილი. კომპარტიის მორიგ მე-20 ყრილობაზე, მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანუ საბჭოთა მთავრობის მეთაურმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა 25 თებერვალს წაიკითხა მისი ცნობილი სიტყვა სტალინის პიროვნების კულტის შესახებ. თურმე იოსებ ბესარიონის ძეს მოუხდენია ძალაუფლების უზურპაცია, შეულახია წმინდათაწმინდა - კომუნისტური პარტიის დემოკრატიული სულისკვეთება, დაურღვევია ყოველგვარი სოციალური თუ მორალური კანონები, რასაც მსხვერპლად შეეწირა ათას ხუთასამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.

 

დღეს ყველამ თუ არა, უმეტესობამ მაინც იცის, რომ სტალინურ წმენდებში დაღუპულთა რიცხვმა სამ ათეულ მილიონს გადააჭარბა. მაგრამ ეს რამდენიმე წლის შემდგომ გახდა ცნობილი. მაშინ კი ეს ინფორმაციაც ისეთივე თავზარდამცემი იყო, როგორც, ვთქვათ ღრმად მორწმუნე ქრისტიანისთვის რომ გეთქვათ, ისეო ქრისტე ერთი მაწამწალა ავანტიურისტი იყოო.

 

გამოდის სულ ტყუილად გვიმღერია „ჩვენო სტალინ, ჩვენო მხსნელო, ჩვენო დიდო მოამგე?!“ სულ ტყუილად ვიზეპირებდით ლექსებს ჩვენს სათაყვანო ბელადზე?! სულ ტყუილად ჩავდიოდით გორში, რომ მისი სახლი გვენახა და აღვფრთოვანებულიყავით იმ პატარა ღარიბი ქოხის მსოფლიო მნიშვნელობით. 


მოკლედ ეს იყო სრულიად დაუჯერებელი, მიუღებელი, მტკნარი სიცრუე! პლანეტის ამ შემაზანზარებელ მოვლენას ჩვენთვის მხოლოდ ერთი განმარტება ჰქონდა - ეს რუსების შეთქმულებაა ჩვენს წინააღმდეგ, მათ ყოველთვის შურდათ ჩვენი, ეხლა უნდათ შური იძიონ სტალინზე, რახან ქართველი იყო. ჩვენ რასაკვირველია წავალთ და გვირგვინსაც მივიტანთ. მართლაც, ადრინდელზე მეტი ფულიც შევაგროვეთ და ერთმანეთს ვეცილებოდით, ვინ მიიტანდა გვირგვინს, მაგრამ დავა მალე გადაწყდა - ყველანი ერთად, მთელი კლასი მივიტანდით.

 

თბილისი აზუზუნდა, აფორიაქდა, აგუგუნდა და ხუთ მარტს სტალინის ძეგლი უკვე თითქმის ნახევრამდე იყო დახუნძლული თაიგულებით, გვირგვინებითა და ტრანსპარნტებით. ორ დღეში მისი კვარცხალბეგი სულ დაიფარა ყვავილების ნიაღვარით. გარშემო დილიდან გვიან ღამემდე იდგა ხალხი, უმთავრესად სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ეს იყო კარნავალი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერი თავდაყირა დადგა და ქცევის ყველა მიღებული კანონი დაირღვა.

 

იყო რაღაც უჩვეულო, არასაბჭოთა თავისუფლების საზეიმო განცდა, რაღაც უცნაური აღტაცების და ამავე დროს გარდაუვალი საფრთხის შეგრძნება. აი, მაგალითად, როცა სადმე ძალიან მაღალ პიტალო კლდის თავზე დგახარ და სული გეხუთება იმისგან თუ რა ახლოს ხარ ცასთან და გაჟრიალებს იმ საშინელი უფსკრულის წარმოდგენით, რომელიც შენს ფეხქვეშაა ხახადაღებული. პუშკინს აქვს ერთი შესანიშნავი სტრიქონი - Все, все, что гибелью грозит // Для сердца смертного таит // Неизьяснимы наслажденья...» აქ გაცილებით უკეთესად არის გამოხატული ის ნერვიული, ციებ-ცხელებით სავსე აღტაცება, რომელსაც ალბათ ყოველი ჩვენგანი განიცდიდა. 


როგორც იტყვიან, აირია მონასტერი - არც სკოლაში გაკვეთილები, არც უნივერსიტეტში ლექციები. დილიდან ძეგლთან ვიდექით, ვიცინოდით, ვარშიყობდით, ვჭორაობდით. ვიღაცეებს გიტარაც მოჰქონდათ და ვმღეროდით მაშინდელ პოპულარულ სიმღრებს - „შავთვალა ხუჭუჭთმიანი ჩემს გულში შემოპარულა...“ დავდივარ, დაგეძებ, გებულბულები..." „ჩემო ტკბილო მეგობარო...“ კიდევ ბევრ, ბევრ სხვას.

 

დროდადრო ვუსმენდით ძეგლის პარაპეტზე გამომსველებს, რომლებიც ხან მხურვალე სიტყვებს ამბობდნენ სტალინის ფასდაუდებლ მოღვაწეობაზე ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად, ხან ლექსებს კითხულობდნენ, ხან მღეროდნენ. თვითოეულ ჩვენთაგანს უნდოდა საპატიო ყარაულში დგომა და მიუხედავად დიდი რიგისა, სამ-სამი წუთი თითქმის ყველას მოგვიწია ძეგლის აქეთ და იქეთ გამოჭიმვა.

 

ის ჩემი კუთვნილი სამი წუთის განმავლობაში გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და მეგონა რაღაც განსაკუთრებულ საგმირო საქმეს ვაკეთებდი. ჩემს წინ მდგომი ხალხის სახეებს ვერც კი ვარჩევდი. ყველაფერი ერთ ფერად ჩანდა არეული.


ერთ მშვენიერ დღეს ქუჩებში გამოჩნდა საბარგო მანქანა რომელზედაც, როგორ მერე გავიგეთ, გორის თეატრის მსახიობები იდგნენ. ერთ მათგანს ლენინის გრიმი ჰქონდა გაკეთებული, მეორეს სტალინის. მათ დანახვაზე გაისმოდა ურა და ვაშა, პატრიოტული შეძახილები - გაუმარჯოს ლენინს! გაუმარჯოს სტალინს! მთელი აღშფოთება მიმართული იყო ხრუშჩოვის წინააღმდეგ.

 

ის იყო მთავარი დამნაშავე, მან გაბედა ხელი აღემართა ჩვენს სალოცავ კერპზე. საპასუხო შურის საძიებლად საკმაოდ ორიგინალური რამ გამოინახა. თბილისში ყველასათვის ნაცნობი და რაღაცით საყვარელი პლეხანოველი კიკა, მაშინ სულ ახალგაზრდა 15-16 წლის დაუნის სინდრომით დაავადებული ბიჭი, დაბალი, სქელი, მუდამ დორბლიანი და მუდამ გაღეღილპერანგიანი, ვიღაცამ გრიმით ხრუშჩოვის კარიკატურას დაამგვანა და ისიც გახარებული დარბოდა ქუჩებში - ხრუჩოვი ვარ, ხრუშჩოვი, -გაიძახოდა და გამვლელ-გამოვლელს აცინებდა. 


როცა ეხლა უკან ვიხედები, ვხედავ რა რომანტიული, გულუბრყვილო და ამა ქვეყნის, ანუ სესერეკას ძლიერთათვის რა სასაცილოები ვიყავით, რა ბავშვურ ლოზუნგებს ვისროდით. ერთ დღეს, მაგალითად, ვიღაცამ წამოაყენა წინადადება, რომ უნდა გვეუწყებინა ჩვენი გულისწყრომა იმ დროს თბილისში მყოფი ჩინელი დელეგაციის ხელმძღვანელის, გენერალი ჯუ-დესთვის.

 

რატომღაც გვეგონა, რომ ჩინელებს სტალინი განსაკუთრებით უნდა ყვარებოდა. 9 მარტს საღამო ხანს გაისმა შეძახილი - „გავუგზავნოთ დაბადების დღის მოლოცვა მოლოტოვს.“ და იცით რატომ მაინცდამაინც მოლოტოვს? ჯერ ერთი ეს მართლაც მისი დაბადების დღე აღმოჩნდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სტალინის დასაფლავების დღეს, საბჭოთა მთავრობის წევრებს შორის მხოლოდ მოლოტოვს აუკანკალდა, ან გვეგონა რომ აუკანკალდა ხმა, როცა იგი გამოსამშვიდობებელ სიტყვას ამბობდა. ამ წინდადებაზე ხალხმა იხუვლა და კარგა დიდი ჯგუფი კავშირგაბმულობის სახლისკენ დაიძრა. სწორედ აქედან დაიწყო ის ტრაგედია, რომელიც გუშინდელივით მახსოვს. 


მაგრამ გაცილებით ადრე, ასე შუადღის 11 თუ 12 საათზე ძეგლთან მოვიდა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, ვასილ პავლეს-ძე მჟავანაძე, როგორც მაშინ იყო მიღებული რაღაც სამხედრო მაზრის მსგავს პალტოში და კარაკულის ბოხოხით თავზე. ძეგლის გარშემო იმ დღეს განსაკუთრებით ბევრი ხალხი იდგა.

 

ბატონმა ვასილმა პირი დააღო და დაიწყო: „Товарищи...“ გარძელებას ვინ აცლიდა! მაშინვე ატყდა ყვირილი - „ქართულად ილაპარაკე, ქართულად! ქართულად!“ იგრძნობოდა რომ ამ შეძახილებმა ნირი წაუხდინა და ერთხანს დაბნეული იდგა ამ მისთვის სრულიად უჩვეულო აუდიტორიის წინ. რამოდენიმე წუთი ჩახველებას მოუნდა და მერე გააგრძლა: „ამხანგებო... ამხანაგებო... ამხანაგებო... წადით ახლა სახლში, არ მიდიხართ?“

 

ეს კითხვა ისეთი განცვიფრებით და თხოვნით იყო სავსე, რომ შემეცოდა კიდეც. დიდხანს არ ალაპარაკეს, „წადი შენის“ და „არ გვინდა, არ გვინდას“ ძახილით აიძულეს კვარცხალბეკიდან ჩამოსულიყო და მისი ფარდაჩამოფარებული ზისით წასულიყო იქედან. ვინ წარმოიდგენდა ასეთ თავხედობას მუდამ თავდახრილი, მუდამ ყველა ცრუ განცხადებებზე გაჩუმებული, მუდამ ყოველი პარტიული „ზემდგომი ამხანაგის“ სიტყვაზე მქუხარე ტაშის დამკვრელი ხალხისგან?

 

თუმცა არა, სიტყვა „ხალხი“ დაზუსტებას საჭიროებს, იქ იყო უმთავრესად ახალგაზრდობა, 14-დან 20 წლამდე ბიჭები და გოგონები. ახალგაზრდობას კი როგორც წესი, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქლამნად.


დარწმუნებული ვარ, იმ დღეს მჟავანაძემ კარგად იცოდა, რა გველოდა და გულწრფელად უნდოდა დავშლილიყავით, როგორც ფილანტროპული გრძნობით, ასევე პირადი ინტერესის გამოც. მოსახლეობის მხრიდან ამგვარ დაუმორჩილებლობას მოსკოვი მას არ აპატიებდა.

 

მაგრამ ჩვენ მისი წასვლით „მტერზე“ გამარჯვების გრძნობა გაგვიჩნდა და რაღაც ეიფორიაში ვიყავით - აბა წარმოიდგინეთ, თვით ცეკას მდივანი „გავაპანღურეთ.“ O, sancta cimplicitas! მალე, სულ მალე დავინახეთ, ვინ იყო გამარჯვებული. 


კარგა მოსაღამოვებული იყო, როცა ვიღაცამ წამოიძახა, რომ საჭირო იყო კავშირგაბმულობის სახლიდან გადაეცათ მთელს საბჭოთა სივრცეში ჩვენი მოთხოვნები. რა მოთხოვნები, ზუსტად არ მახსოვს. მთავარი იყო სტალინის „წმინდა სახელის“ აღდგენა.

 

სულ რაღაც ოცი წუთი არ იყო გასული, რომ მეორე ხმა გაისმა, ამჯერად განწირული - „ისვრიან, ისვრიან, რუსთაველზე ხალხი მოკლეს.“ ატყდა ჩოჩქოლი, ყვირილი, ტირილი. უმთავთავრესად მაინც ახალგაზრდული გულუბრყვილო შეძახილები ჭარბობდა: „წავიდეთ! დავიცვათ! არ შევარჩენთ.“ 


მე ვიკითხე, რომელი საათია-მეთქი და როცა მითხრეს თერთმეტს გადაცილდაო, ფაცხა-ფუცხით ამოვვარდი კიბეებზე. ვიცოდი, სახლში ძალიან გამიბრაზდებოდნენ და ვორნცოვის ხიდი გადმოვირბინე პლეხანოვისკენ. ათიოდე მეტრი არ მექნებოდა გავლილი, რომ სროლის, გრიალის და საშინელი კივილის ხმა მომესმა. სირბილით უკან დავბრუნდი და ხიდის აქეთა მხრიდან გავიხედე ძეგლის მიმართულებით.

 

უკვე საკმაოდ ბნელოდა და მხოლოდ ბუნდოვნად ვხედავდი ჯარისკაცებს, რომლებიც კონდახებს და შტიკებს ურტყამდნენ ხალხს. არავითარი გმირობა არ გამომიჩენია, მოვტრიალდი და როგორც დამფრთხალი კურდღელი, სირბილით სახლისკენ გამოვეშურე.

 

თავში რაღაც სიტყვების და ფრაზების ნაგლეჯები მიტრიალებდა, როგორც ქარისგან აფრიალებული გაზეთის ნახევები: „არა, ეს შეუძლებელია... ეს მომეჩვენა... ეს ხომ ამერიკა არ არის... ეს საბჭოთა კავშირია... აქ ხალხს არ კლავენ...“


ჩვენი სახლის სადარბაზოში შევედი, კიბეზე ავირბინე და ჩვენი ბინის კარი შევაღე. საბედნიეროდ სახლში არავინ დამხვდა და აივანზე გავედი, საიდანაც სროლის და ყვირილის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა. იქ ჩვენი მეზობელი ქალი იდგა, ტიროდა, პირჯვარს იწერდა და გაუთავებლად იმეორებდა: 
„იქ ხალხს კლავენ, კლავენ! ღმერთო, კლავენ.“

 

ხელი მოვხვიე და ჩემივე თავის დასამშვიდებლად რაღაც ისტერიული ჩურჩულით და კანკალით ვეუბნებოდი: "არა, დეიდა რიტა, არა, არავის კლავენ. არა, გეჩვენებათ.“ როგორ დამთავრდა ის დღე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს შემდგომი დღეების რკინისებური სიმძიმე, ქალაქში გამეფებული სიჩუმე და დაბნეულობა.

 

სკოლაში ვგრძნობდით, რომ ჩვენს მასწავლებლებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სტალინის განუსაზღვრელ დამსახურებაზე, მის მსოფლიო მნიშვნელობაზე გველაპარაკებოდნენ, არაფერი ჰქონდათ სათქმელი და არც არაფერს ვეკითხებოდით. ისინიც ცდილობდნენ არ შეხებოდნენ ამ პირდაღებულ ჭრილობას, არც გვტუქსავდნენ და არც ჩვენ გვეკითხებოდნენ რამეს. თითქოს ინტუიციით ორმხრივად ტაბუ დავადეთ ამ ტრაგედიას...

 

გაგრძლება იქნება.

 

დოდონა კიზირია

9-marti1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !