
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ ალეკო ელისაშვილის ტელეფონში მესიჯები არ აღმოჩნდა, ელისაშვილმა გაასაჯაროვა სატელეფონო ამონაწერი და განაცხადა, რომ ნომერი 591-ით აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის.
ელისაშვილმა ამ თემაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, თამარ ჩიქოვანთან სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ "კატეგორიულ-ისტერიულ ტონს", რითაც მესიჯის ავტორი მისგან კომისიაზე საქმის გატანას მოითხოვდა, ორსაათნახევრის შემდეგ უპასუხა, მანამდე კი მესიჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და თავად პრეზიდენტს აჩვენა:
"2014 წლის 30 აპრილს, 14:30 საათზე ზედიზედ ოთხი სმს შემოვიდა, სადაც კატეგორიულ-ისტერიულ ტონში იყო მოთხოვნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულად გამეტანა. ამ ადამიანს მე ორსაათნახევრის შემდეგ ვუპასუხე. ეს ის ორსაათნახევარია, როდესაც ეს შეტყობინება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის უფროსს შევუტანე. ამ ყველაფერზე მე მინდა ოფიციალური პასუხი. ამ ამონაწერს მივუტან პროკურატურას, ეს ჯერ არ იციან, შემდეგ ამ პასუხის მიხედვითაც რაღაცეებს ვაჩვენებ. რომც წაშალონ, მაინც დავუდასტურებ რომ მოკლეტექსტური შეტყობინება მოვიდა", - განაცხადა ელისაშვილმა.