
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ტერმინი "უნიათო მთავრობა" ნაციონალებმა შემოაგდეს და ის მაშივე აიტაცეს სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ხაინდრავა მათგან ითხოვს კონკრეტულად დაასახელონ, ვინ არის უნიათო და რაში გამოიხატება ეს.
„ნაციონალებმა" შემოაგდეს ტერმინი - „უნიათო მთავრობა" - და მათ იმ წუთში აჰყვნენ ბურჯანაძე, ალასანია, ნათელაშვილი და სხვები. ფიქრობენ, რომ ამით მაგარ საქმეს აკეთებენ, არადა, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც მთელი საქართველო ზის!" - ამბობს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.
„ვეკითხები ამ მოწიკვინე ხალხს - კონკრეტულად დაასახელეთ, ვინ არის უნიათო? სერგეენკო უნიათოა? წულუკიანი უნიათოა? გომელაური უნიათოა? კალაძე უნიათოა? კვირიკაშვილი უნიათოა? გამოდით და თქვით, რომელია უნიათო? რაში გამოიხატება მათი უნიათობა? კონკრეტული მაგალითები დაასახელეთ!
არ დაგვავიწყდეს, რომ ღარიბაშვილი 33 წლის ბიჭია და შეხედეთ, როგორ უჭირავს თავი საზღვარგარეთ, საქართველოს როგორ წარმოადგენს ყველგან - ვაშინგტონით დაწყებული და ბრიუსელით დამთავრებული!
სადმე არასწორი ჟესტი და მოქმედება დაუშვა ირაკლი ღარიბაშვილმა? სადმე რამე შეეშალა და უღირსად მოიქცა? რომელიმე ევროპელი ლიდერისაგან უპატივცემულო მოპყრობა დაიმსახურა?
ჩვენ გვახსოვს, საზღვარგარეთ, ამა თუ იმ ღონისძიებაზე, საჩვენებელი თითით რომ უხმობდნენ საქართველს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს, აქ მოეთრიეთ, თქვე უდღეურებოო!
ისიც გვახსოვს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას „შალახოს" რომ უკრავდნენ და ლამის კინტაურს აცეკვებდნენ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს!
ის ყველაფერი მოგწონდათ და ახლა ირაკლი ღარიბაშვილი არ მოგწონთ?!
ეტყობა, დაგავიწყდათ, რა მდგომარეობაში ჩაიბარა საქართველო ამ ხელისუფლებამ! ეს ხომ ქვეყანა არ იყო, ეს იყო ჯოჯოხეთი! 320 ათასმა კაცმა გამოიარა ციხე და იმ ციხეებში რა ხდებოდა, ამას მე ძალიან მალე ვაჩვენებ ქართველ საზოგადოებას იმ ფილმით, რომელსაც ახლა ვაკეთებ!" - აცხადებს ხაინდრავა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავას დასახელებული რიცხვი - 320 ათასი პატიმარი, ცხრა წელზე გადაანგარიშებით ნიშნავს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე, უქმე დღეების ჩათვლით, 97 ადამიანს აპატიმრებდნენ, რაც რეალობას არ შეესაბამება.