
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის გამოსვლის შემდეგ "ინტელექტბანკის" გაკოტრების ამბებს იხსენებს და აღწერს, როგორ გააკოტრა ბანკი "ტყემალაძის თანამოსაქმემ, ყოფილმა დეპუტატმა კახა გიუაშვილმა. გოცირიძე საზოგადოებას პირდება, რომ ბევრ ახალ ამბავს გაიგებს.
"ახლახან ვუსმინე იმედზე ზურაბ ტყემალაძის აბსურდულ გამოსვლას. ერთ დროს მისი ფრაქციის წევრის და მერე ფრაქციის თავმჯდომარედ მოვლინებული კახა გიუაშვილის "ინტელექტბანკზე" საუბრობდა. მაგრამ არ დაასახელა. შეგნებულად.
ყველამ იცის, რა დღეში ჩააგდეს ეს ბანკი თაღლითების ჯგუფმა ამ მთავარი აქციონერის მეთაურობით. მათ მიითვისეს ამ ბანკის მეანაბრეთა თანხები და ბანკი გააკოტრეს. დღეს რაღაც პრესკონფერენციაც მოაწყვეს. იხილეთ ჩემი მინაწერი ამაზე. დანარჩენზე სხვა დროს. ყველაფერს გაიგებთ საჯაროდ, მათ შორის ტყემალაძის შესახებ.
"ვუსმენ ამ ზღაპრებს. ერთი სიტყვაც არ არის სიმართლე. ბანკი გააკოტრა მთავარმა აქციონერმა,ყოფილმა დეპუტატმა, ტყემალაძის თანამოსაქმე კახა გიუაშვილმა. აქ გამოსული პატარა აქციონერები ან დაზარალებულები არიან, ან თაღლითური სქემის მონაწილე.
მეანაბრეთა ფულის უდიდესი ნაწილი თვითონ გაიტანეს სესხად, მათ შორის "პადსტავნოი" ფირმებით. გახდნენ მილიონერები მეანაბრეთა ხარჯზე. ბანკი კააკოტრეს და თითქმის ოც მილიონამდე ზარალი მიაყენეს. დირექტორები და ბუღალტრები შეგნებულად აწვდიდნენ ეროვნულ ბანკს ყალბ ბალანსებს, რისთვისაც შემდგომ რამდენიმე დაპატიმრებული იქნა. 36 ათასი მეანაბრე გაძარცვეს.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცათ შანსი, რომ კაპიტალი შეევსოთ. ვერ შეძლეს. ვიღაც უკრაინელებზე უთითებენ. ფულის გამთეთეთრებლები. ყალბი პასპორტით ( ე. წ. "ბომჟისთვის" მოპარულით) ფირმის დამფუძნებლები, რომლებიც უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა ამხილა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. რამდენი დრო მიეცა მათაც( სანამ გაირკვევოდა რანი იყვნენ), მაგრამ მაინც არ გადმორიცხეს ფული მას შემდეგ, რაც ადგილზე გაერკვნენ ბანკის საშინელ მდგომარეობაში. მცირეოდენი შემოიტანეს და მერე გაჩერდნენ.
ძლივს გადრჩა მრავალი მილიონის დაკარგვას ხალხი ეროვნული ბანკისა და მთავრობის ხელშეწყობით. მის გადარჩენის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. დიდი შრომა გასწია, რომ ვინმეს ეყიდა ეს ბანკი. 1ლარი კი არ ღირდა, არამედ მინუს 17 მილიონი( თუ ზეპირად მახსოვს მაშინდელი ციფრები).
მთავარი დამნაშავე, მთავარი აქციონერი, გვარს არ დავასახელებ და ამ დამნაშავეთა კოლმეურნეობის თავმჯდომარე( რომელიც ჩრდილშია და ვითომ არ ჩნდება) მაშინ იყო დეპუტატი, ამიტომ გადაურჩა დაკავებას. დროებით, როგორც ჩანს.
მოკლედ, ვინც ქართულ ანდაზებს ყურს არ უგდებს, ცუდი დღე ელის. " თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარა".
ცუდი ამბები ამოატივტივეს. ყველა ნახავთ იმ სიმდიდრეს, რომლებიც ბანკის მეანაბრეების და ზოგიერთი მცირე აქციონერის დაზარალების ხარჯზე მოიხვეჭეს ბობოლებმა.
არასდროს ამ ბანკს დივიდენდი არ გაუცია აქციონერებისათვის( შეიძლება ოდესღაც იყო გამონაკლისი. ალბათ სიმბოლურად). მაშინ რა აზრი ჰქონდა ბანკის მესაკუთრეობას, თუ შემოსავალს არ გაძლევს? შემოსავალი სწორედ შავი სქემებით ნაშოვნი ფული და ქონება იყო.
რამდენი? დაგითვლით! დღესაც შეგრჩათ ბევრი: სასტუმროები თუ ბიზნესები, რომლებიც სწრაფად გადააფორმეთ სხვებზე, რომ მეანაბრეებისათვის ფულის დასაბრუნებლად არ გაეყიდათ.
ახლა ფულის შოვნა მოუნდათ. სამართლიანობის აღდგენის ნიღბით. საქართველოს ბანკის ხარჯზე. სწორედ ასეთების გააქტიურება ხელს შეუშლის სიმართლის დადგენაში იმათ, ვინც შესაძლოა მართლაც უკანონოდ დაზარალდა.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: სასამართლოში თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, იმიტომ რომ დამნაშავეები ხართ, რაც თქვენივე დაქირავებული თანამშრომლების მიერ არის აღიარებული და დოკუმენტურად დადასტურებული.
ბანკი დოკუმენტებზე აგებული სისტემაა. როგორც არ უნდა მოინდომოთ, მათ ვერსად გააქრობთ. ასევე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ახალ გარემოებათა გამო დიდი შანსია, რომ გაგასამართლონ. მაშინ იმუნიტეტი იცავდა ვიღაცას, ახლაც ვიღაცების იმედი აქვთ პარლამენტში. ტყუილად.", - წერს რომან გოცირიძე.