
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ღიმილსა და მის მნიშვნელობაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„ამერიკაში ადამიანების თვალები ერთმანეთისას თუ შეხვდება, სახეზე წამსვე ღიმილი ესახებათ. ეს მათი კულტურული ნორმაა, ამით გამოხატავენ სალამს და სიმპატიას.
ხშირად უთქვამთ ჩვენებურ ემიგრანტებს „ერთი ამათი ყალბი ღიმილიო...“ ჩვენ, დრამის დედოფლებს და მეფეებს ხომ დიდი მიზეზი და ემოციური დასაბუთება გვჭირდება, რომ ერთმანეთს გავუღიმოთ.
ღიმილი ყალბი არ არსებობს, მას მოხმარების წესი აქვს სხვადასხვა და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კბილებს ავად არ აღრჭიალებს ადამიანი, როგორც არ უნდა დააკნინო და ატრიალო, სულ ცოტა, მინიმუმ ზრდილობის ფორმაა, დაზოგვის, რომ არ გადმოგდოს თავისი შესაძლოა ძალიანაც მძიმე სულიერი განწყობა.
იცით ფსიქოლოგები და ფსიქიატრები პროფესიული წლების მსვლელობასთან ერთად ყველაზე "არანორმალურ" ჰაბიტუსს რატომ ვიღებთ? იმიტომ რომ ადამიანებს გვაქვს სარკისებური ნეირონები, ემპათიურობა, ანუ თანაგანცდა.
როდესაც სხვა ტირის ან ნერვული გრიმასი აქვს, შესაძლოა მთელი კუნთით არა, მაგრამ მიკროკუნთების დონეზე ჩვენი სახე ირეკლავს ყველანაირ გამომეტყველებას და ბოლოს უდიდესი საჩუქარი გვრჩება ყოველი ჩვენი უძვირფასესი პაციენტისგან - ემოციური, დინამიური სახე. მადლობა მათ ამ სიმდიდრისთვის.
როცა ადამიანი იღიმება, ასეთივე წარმატებით ავრცელებს ღიმილს თავის ირგვლივ და თუნდაც სევდანარევი იყოს ეს ღიმილი, გარშემო თბება და ნათდება. თანაც ეს სხვის მიმართ ქველმოქმედება არაა, - ჩვენი სხეული სრულ და იდეალურ კომუნიკაციაშია ჩვენს სულთან, განწყობასთან, ემოციასთან და როგორც შფოთვას შეუძლია დააზიანოს ნებისმიერი ჩვენი შინაგანი ორგანო, ღიმილს ასევე შეუძლია განკურნოს ჩვენივე ტკივილები.
სახის მიმიკური კუნთებიდან ინფორმაცია უსწრაფესად გადაეცემა სხეულს და ფიზიკურ დონეზე უმჯობესდება, ჯანსაღდება განწყობა. გავიღიმოთ, ჩვენი რა მიდის“, - წერს ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.