
თბილისის ყოფილი მერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ერთ ძველ ამბავს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
2005 წლის დასაწყისია. მერიაში ჩემთან შეხვედრა ფონდის “ქართუ” მაშინდელმა ხელმძღვანელმა ითხოვა.
იგი პერიოდულად მოდიოდა ხოლმე: ძირითადად, “ლაგუნა ვერეს” უკან მდებარე შენობების (უკვე შესყიდული ჰქონდა ფონდს) ადგილზე რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაზე ვსაუბრობდით (სხვათა შორის, იქ ბიძინა ივანიშვილს დღემდე არაფერი გაუკეთებია, აუზი კი დახურა 2013 წლის ბოლოს).
შეხვედრაზე ფონდის “ქართუ” ხელმძღვანელი საპროექტო წინადადებით მოვიდა. იქ, სადაც ოქროყანის აღმართზე ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ შესასვლელია (მარცხნივ), დღეს გვირაბია გაკეთებული. მაშინ სივრცე ღია იყო.
ამ ადგილის თავზე კი (მარჯვნივ) ე.წ. “ამერიკული სოფლის” 10-12 სახლი იდგა. ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, რომ მის ეზოში ვინმეს უფრო შეღმართზე მდგომი “ამერიკული სოფლის” სახლებიდან ეცქირა. ამიტომ საპროექტო წინადადება არა გვირაბის, არამედ გზის მარჯვენა მხარეს კლდის, დიახ, დიახ, კლდის აშენებას გულისხმობდა, რომ იმ სახლებიდან ხედი დაფარულიყო.
ანუ “ამერიკული სოფლის” მობინადრეები არა მხოლოდ ივანიშვილის სახლისკენ ვერ გაიხედავდნენ, არამედ საერთოდ უუქმდებოდათ ხედი თბილისისკენ (რაც წარმოადგენდა კიდეც ამ სახლების მთავარ ღირებულებას).
უარით გავისტუმრე. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის “მეცხრე ტალღა” უკვე დახურული იყო და ნადვილად არ შემიძლია ვივარაუდო, რა პოზიცია ჰქონდა მას ამ უარზე. (მაგალითად, ტელეკომპანია “იმედმა” ღია ომი გამომიცხადა, როგორც მერს, როცა ბადრი პატარკაციშვილი ასევე უარით გავისტუმრე უფრო სერიოზულ და რთულ საქმეზე).
ახლა ოქროყანის გზაზე იმ ადგილას გვირაბია (მადლობა გიგის, რომ ასეთი მეტ-ნაკლებად ნორმალური გადაწყვეტილება მოიძებნა ოლიგარქის ხუშტურის სასარგებლოდ). ივანიშვილმა “ამერიკული სოფლის” სახლების უკლებლივ ყველა მფლობელი აიძულა, მისთვის ეს სახლები მიეყიდათ. სახლები დაინგრა და ოლიგარქმა უფრო უსაფრთხოდ იგრძნო თავი.
ამბის “მორალი”
1. მიკვირს, ორი რუსი ოლიგარქის პირობებში - რომელთა საერთო ქონება დღესაც კი ქართული ეკონომიკის 50%-ზე მეტია (აღარაფერს ვამბობ ამ შეფარდება 2003 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით) - როგორ გავძელით 9 წელი და როგორ შევძელით ის, რაც შევძელით;
2. არ იყო საჭირო პლატონის, ჟან-ჟაკ რუსოს ან მონტესკიეს ღრმა ცოდნა საიმისოდ, რომ გვეგრძნო მარტივი ჭეშმარიტება: ოლიგარქის პირდაპირი მონაწილეობა პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა. ოლიგარქები არსებობენ დემოკრატიულ ქვეყნებშიც და ახდენენ გავლენას პოლიტიკაზე, მაგრამ ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ოლიგარქიული მმრთველობაც არაა. ესაა სვლა სრული ავტორიტარიზმისაკენ;
3. ხომ იცოდით, რაც იყო ივანიშვილი? - გვსაყვედურობენ მომხრეები და ნიშნის მოგებით გვეკითხებიან “შუაშისტები”. ვიცოდით და ვიარეთ კიდეც პოლიტიკის ვიწრო “ჭიუხებში”, რომ რაც შეიძლება მეტი გაგვეკეთებინა და მეტი რეფორმა მოგვესწრო.
იყო კომპრომისები? შეიძლება იყო კიდეც (მე ზემოთ ნხსენები 2 შემთხვევის გარდა პირადი გამოცდილება არ მაქვს), მაგრამ რისი შეცვლა შეიძლებოდა? ამაზე დისკუსიას, სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, ახლა რა ვქნათ, როცა ყველამ დაინახა რუსი ოლიგარქის ნამდვილი სახე,“ - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.