
გართულებულ კრიმინალურ ფონსა და გახშირებულ მკვლელობებს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" "ათწლიანი რეჟიმით" ხსნის. ინაშვილი სტატუსს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.
„ვერ გამოვდგები ხელისუფლების ადვოკატად, რომელსაც ბევრი ადვოკატიც ჰყავს, ფანიც და ანაზღაურებადი ფიარ-სპეციალისტიც, მაგრამ ერთ რამეს კი გეტყვით: თუ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი იზრდება და ვხედავთ, რომ იზრდება, თუ ადამიანებს ქუჩაში ჰკლავენ, თუ წამების იარაღად იყენებენ უთოს, რაც ამაზრზენია, ამ ყველაფერში დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის 10 წლიანი მმართველობაა...
დღეს ამ ბოროტი მმართველობის მწარე ნაყოფს ვიმკით... აბა, რას ველოდით, "დუბინკებით" გაუპატიურებული თაობა რომ ციხიდან გამოვიდოდა?! რას ველოდით, მორალურად დაზიანებული ყოფილი პატიმრებისა, თუ არაადამიანურად ნაწამები პატიმრების შვილებისაგან, რომელთა დედებსაც მამების თვალწინ ციხის ჯალათი აუპატიურებდა?!...
სად წავიდოდა ეს ბოღმა? ეს აგრესია? ხელისუფლებას ყელს გამოღადრავთ კი არა, გეშინოდეთ,- სათითაოდ არ გამოგღადრონ ყელი თქვენს მიერ სადისტურად ნაწამებმა პატიმრებმა, თუ მათმა შვილებმა... აი, ეს "მემკვიდრეობა" მივიღეთ ნაცისტური "დემოკრატიისაგან" და ახლა, თურმე, ქვეყანა თავზე გვენგრევა და ყალყზე დგას მთელი სანაცეთი...
თქვენ რომ გული არა გაქვთ, ეს მე მკითხეთ და მოგიყვებით... და რაც არა გაქვთ, ის როგორ გეტკინებათ, უთოთი დამწვარი ბავშვის, ან მისი სახედასერილი დედის გამო?!... გული მას სტკივა, ვისაც ადამიანი უყვარს... სად ჩანდა, რომ გიყვარდათ ადამიანი? თქვენი სისხლიანი მმართველობის რომელ ეტაპზე ჩანდა ეს? იქნებ მაშინ, როცა სანდრო 14-ჯერ დასერეთ? ან იქნებ მაშინ, როცა თეთრაძის სისხლით საკნის ჭერი შეღებეთ? ან იქნებ მაშინ, როცა რეზერვისტები ჩახოცეთ წინა ხაზზე და თქვენ კურდღლებივით გამოიქეცით.
ნაცისტების დათესილს ოცნება იმკის... მაგრამ მარტო ოცნება რომ იმკიდეს, კიდევ აიტანდა კაცი... ჩვენი საზოგადოება და ხალხი იმკის... "დუბინკების" თაობის აგრესიამ ყვავილობა დაიწყო... ამას სიყვარული და კეთილდღეობა თუ შეაჩერებს, მაგრამ გარშემო არც ერთია და არც მეორე..." - წერს ინაშვილი.