
"გიორგი მარგველაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატურაა და ის გუნდის წევრად რჩება,"– ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მართლაც არის გარკვეული სახის დისტანცია, თუმცა გიორგი მარგველაშვილი გუნდის სრულუფლებიანი წევრია.
პრემიერის თქმით, ის რომ პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჩამოერთვა ეს ახალი კონსტიტუციის ზოგიერთი ნორმის შესაბამისობაში მოყვანის პროცესით იყო გამოწვეული.
"მე შევეცდები ამ საკითხზე სპეკულაციები დავასრულო. მინდა თანმიმდევრულად მივყვე და განვმარტო, რომ რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ჩვენს შორის. ეს არის მიზანმიმართული სპეკულაციები, რაღაც აგორებული კამპანია, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მათ ინტერესში შედის, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, რომ რაღაც სერიოზული ხდება.
ამ დროს არაფერი სერიოზული არ ხდება. ის, რაც გუშინ პრეზიდენტმა თქვა ეს ასეა, გარკვეული დისტანცირება არსებობს, ჩვენ არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და არც არის საჭირო რომ გვქონდეს. მთავრობა არის დისტანცირებული და მას აქვს საკუთარი კომპეტენცია. ჩვენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს კონსტიტუციის ფარგლებს იქეთ", - განაცხადა პრემიერმა.