-
2014-07-21 21:50
მომღერალი, რადიო „დარდიმანდის“ დირექტორი ნინო ჩხეიძე ეხმიანება გაზეთ „ქრონიკაში“ დაბეჭდილ სტატიაში მის მოხსენიებას იმ მომღერლებს შორის, რომლებიც, შესაძლოა, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბაროს.
„საღამო მშვიდობისა მეგობრებო. დღეს რამდენიმე საინფორმაციო საიტზე დაიწერა, რომ მომღერლების დაბარებებას აპირებს პროკურატურა მოწმის სტატუსით.
სტატიებში წერენ რომ წინა მთავრობის მაღალჩინოსნების დაბადების დღეებს ამთხვევდნენ ჰონორარების გადახდას. მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემთვის არავის არ გადაუხდია ჰონორარი სადაბადებისდღეო წვეულებებისთვის.
მე ვარ მომღერალი!!! - ადამიანი, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს და ახლაც ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას და სტატიის ავტორებს მეტ პოზიტივს. თქვენი ნინო ჩხეიძე“, - წერს მომღერალი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ქრონიკაში“ დაბეჭდილი სტატიის მიხედვით:
„პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ “ჯორჯიას” – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს.
ასევე, “კომედი შოუს” მსახიობებსა და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს. მათ, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაჰკითხავენ. ზემოჩამოთვლილი მომღერლების ერთი ნაწილისთვის და ასევე, სხვა მომღერლებისთვის, რამდენიმე შემთხვევაში, ჰონორარის გადახდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, ემთხვევა “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნების დაბადების დღის თარიღებს“.