
სუბიქტურად თუ მივუდგებით, ეროსი კიწმარიშვილი და "თვითმკვლელობა" ჩემთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ობიექტური ფაქტები გამოძიების დასადგენია, მაგრამ სუბიქტურად თუ მივუდგებით, ეროსი კიწმარიშვილი და "თვითმკვლელობა" ჩემთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ის მუდმივად ახალ პროექტებს იწყებდა და ყოველთვის ოპტიმისტურად იყო განწყობილი საკუთარი მომავლის მიმართ.
როგორც შევიტყვე, ბოლო ახალი პროექტი, რომელსაც იგი გეგმავდა, იყო ახალი პროგრამის წაყვანა "რუსთავი 2"-ზე. ეს პროექტი დააბრუნებდა მას სატელევიზიო სივრცეში და დამატებით დაცულობას მისცემდა მის მიერ შექმნილ ტელევიზიას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ჩართეს რუსული არხები, რომლებიც უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში გათიშეს, ქართულ ტელესივრცეში შემოვიდა რუსული "ფსბ"-ს კონტროლირებადი კაპიტალი. "რუსთავი 2"-ის გადარჩენა დემოკრატიის დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.