
„ჩემი გერმანელი ბაბუ“ - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ჩანაწერს „ფეისბუქში“ ქართველ მოლაშქრეთა ჯგუფის ერთერთი წევრი ნინო ბარძიმიშვილი, რომელიც ბაკურიანის გარშემო ლაშქრობაში სწორედ იმ დღეებში მონაწილეობდა, როცა გერმანელი პროფესორი ქვაბისხევში ასვლას გეგმავდა.
ნინო ბარძიმიშვილი წერს, რომ გერმანელი ბერიკაცი სამარშრუტო მიკროავტობუსში, დიდუბის ვაგზალზე გაიცნო და დიდხანს ისაუბრეს, ხოლო ბოლოს მას ლაშქრობაში მონაწილეობაც შესთავაზა, მაგრამ პროფესორმა, რომელიც მეტყევედ გაეცნო, შეთავაზება უარყო და თავდაპირველი მარშრუტი არ შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი პროფესორი ჰანს ჰოეფლე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 10 ივნისს დაიკარგა, ხოლო მისი ცხედარი შსს-ს მაშველებმა, რეინჯერებთან ერთად ჩატარებული საძიებო სამუშაოების შემდეგ, 26 ივნისს იპოვეს.
"აფხაზეთის ხმა" ავტორის ნებართვით აქვეყნებს ნინო ბარძიმიშვილის ჩანაწერს "ჩემი გერმანელი ბაბუ":
"- Do you speak English? - ჯერ წესიერად დამჯდარი არ ვარ, მესმის გვერდიდან. შევხედე. ციმციმა ცისფერი თვალები შემომყურებენ. გავუღიმე.
- მე ქართულადაც ვიცი ლაპარაკი, - ასეთი, ფერადმაისურიანი და ზურგჩანთიანი ბევრს უცხოელი ვგონივარ ხოლმე და თანამოსაუბრეს საქმე გავუიოლე. თვალები დაიბნენ, ვერ გაიგეს. "მაშინ Yes, I do"-მეთქი, შევაგებე.
ეს დიდუბის ავტოვაგზალზე ხდებოდა, 7 ივნისს, დილის 9 საათზე, ბაკურიანისკენ მიმავალ მარშრუტკაში სულ უკანა სკამზე გვერდიგვერდ მოვხვდით. ამის მერე აღარ გაჩერებულა. პატარა, კაფანდარა ბერიკაცია, თეთრი თმა-წვერი აქვს. მეკითხება და მიყვება ამ მთისას, იმ ბარისას. საიდან ხართ-მეთქი. გერმანიიდანო, მაგრამ ნათქვამი ვერ გავარჩიე. ეგ სადაა-მეთქი. მთლად გავაოცე. ევროპაშიო! ალბათ, პირველად ნახა ადამიანი, გერმანიაზე რომ არ სმენოდა.
მომიყვა, რომ შარშანაც იყო საქართველოში; რა საინტერესოა ასე სიარული; რუკა და ჩანაწერები ამოიღო, ლიკანიდან ქვაბისხევში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ შეიძლება, გეგმები შევიცვალოო. ღამით გარეთ დარჩენას არ გეგმავდა. მეკითხებოდა ამინდზე, კლიმატზე, საქართველოს სოფლის მეურნეობაზე, საინტერესო ადგილებზე. ხაშურში გერმანულწარწერიანი მანქანა დაინახა, მისი ნაცნობი ფირმა მსურველებს ავეჯის დამზადებას სთავაზობდა, და ძალიან იხალისა. მერე მე ვკითხე, რას საქმიანობ-მეთქი. მეტყევე ვარო.
აი, აქ მივხვდი, რომ თავადაც რაღაც ტყის სულს თუ გნომს მაგონებდა. ამის მერე დაიწყო ძალიან საინტერესო ლაპარაკი. როგორ ითვლიან და ზრუნავენ ცხოველებზე, როგორ აკეთებენ ტყეში გზებს, და, რაც მთავარია - ხეებზე! რამდენ რამეს ჰყვებიან ხეები ამინდებზე, ადგილებზე. ხის რგოლები მთელი სამყარო იყო, ცოცხალი ხიდან ორიათასი წლის წინანდელი ამბავი შეგეძლო ამოგეღო. როგორ აკეთებენ სინჯებს და ჩაჰკირკიტებენ ამ უხუცესი ხეების მონაყოლებს... კი არ თქვა, ექსპერტი ვარ, ტყელოგი და პროფესორიო. არადა, ყველაფერიც იყო. მეტყევე ვარო. ნამდვილი მეტყევე იყო.
ახლაც ტყეში აპირებდა გავლას. ექვსი წლის წინანდელ ხანძარზეც იცოდა, ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღზეც. საიდან-მეთქი? აბა, ინტერნეტი რისთვისააო. ოღონდ ასე თქვა, ომი 2008-ში საქართველომ როგორ დაიწყოო. არა-მეთქი.
ჩვენც სიარულს ვაპირებდით ბაკურიანის გარშემო, და დავპატიჟე, წამო, თუ გინდა, ჩვენთან-მეთქი. დავფიქრდებიო. ცოტა ხნის საუბრის მერე მითხრა, არა, როგორც მქონდა გადაწყვეტილი, ისე ვიზამო. ახლა მეჩვენება, რომ შეუსაბამოდ დამწყდა გული. ბორჯომში დავცილდით ერთმანეთს. ბაკურიანში ჩავედით და ზვიადს მოვუყევი, ასეთი ბაბუ ვნახე და კინაღამ წამოვიყვანე-მეთქი. ნეტა წამოგეყვანაო. ნეტავ წამეყვანა..."
ნინო ბარძიმიშვილი