
მამა ილია ვაშაკიძე წერს, რომ ჰიტლერის, მუსოლინისა და მათი ნაცისტური პარტიის შთაგონების წყაროს, ბლავაცკაიას მიმდევარი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები, რომლებიც მას ებრძვიან, სინამდვილეში სექტანტები არიან.
მამა ილია ვაშაკიძემ ეს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაასაბუთა:
"დიდად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მინდა დავიწყო იმით, რომ მე არა მხოლოდ ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პატრიარქთან და ეპისკოპატთან, მე დედა ეკლესიის წიაღში ვარ და დედაეკლესიის წიაღიდან ვებრძვი როგორც საკუთარ ვნებებსა და ცოდვებს, ასევე საპატრიარქოში გამეფებულ მანკიერებებს. ფრიად სამწუხაროა, რომ ბლავაცკაიას, შტაინერის, ჰაბარდის იდეოლოგიაზე ნამყნობი ხალხი ჩვენს ეპისკოპატს თან ემლიქვნელებიან და თან ძირს უთხრიან, თანაც განიკითხავენ და ჭკუას ასწავლიან. ბლავაცკაია იყო ჰიტლერის, მუსოლინის, მათი ნაცისტური პარტიის შთაგონების წყარო. და უფრო მეტად სამწუხარო ისაა, რომ დეკანოზ დავით ისაკაძისა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის შთაგონების წყაროც იგივეა.
ანუ მივიღეთ რა სურათი: ბლავაცკაია, შტაინერი, ჰაბარდი, ნაციზმი, დავით ისაკაძე, ზაზა ნანობაშვილი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, მართლმადიდებლური საკრებულო. მაგრამ სიტყვა მართლმადიდებელი ამ შემთხვევაში ისევე ზედმეტია, როგორც სიტყვა მაშასადამე (გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს).
მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა მართლმადიდებლ მშობელთა კავშირის წევრებს მომავალში სინანულის გამოსახატად თუ გამოადგებათ. დღეს კი ისინი სექტანტები არიან, რომელი სექტაც აშკარად ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელია.
ღმერთმა ყველას გვიშველოს. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში".